თარგმანი აკაკი წერეთლისა
დათვმა ლხინი გადიხადა, მოიწვია მეზობლები; გარეშენიც ბევრი ჰყავდა: ტურა, მელა, კატა, მგლები.
უნდა ვსთქვათ, რომ არ ნახულა; რა საჭმელი, რა სასმელი! რა იყო, რომ იქ არ დგმულა?
სათვითაოდ გააჩინეს, სამადლობელს სავსეს სვამდნენ, წვეთი არვის შეარჩინეს,
მოლხენით რომ სხვებიც ნახა, თვისის ბოხის მაღალ ბანით “სუფრულიც” კი შემოსძახა.
მარტო ესეც არ აკმარა; გადმოახტა სუფრის თავზე და ლეკურიც დაუარა.
“ამფერ! ჩემო დათუნაო! როგორ გშვენის ეგ დავლური, მალაყები და ხტუნვაო!”
“მელავ, ტყუილს ნუ ამბობო! სასაცილოდ დაძუნძულებს და შენ მაგრე რად ამკობო?”
“ბრიყვი ხარ და სულელიო! რას დავეძებ მაგის თამაშს? მე სხვა რამეს მოველიო.
გაბრიყვდება ამ ქებითო და ჩვენ კი რა გვენაღვლება, ვახშმადაც აქ დავრჩებითო.” |
საბავშვო ლექსები • • • • • • ივანე კრილოვი - იგავ-არაკები |