კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 10:36

ვინ ამბობდა ამას? სად ან როდის? ღამეა. თოვლით გადალესილა მთა-ბარი; სულშეხუთულია, ისე შებოჭილი, რომ დედამიწის ძვლებს ჭყრიალი, ჭახჭახი გააქვს.

ბუნება თითქოს კუბოში წევს, სუდარაში გახვეულა. არაფერი ხმა, არც მოძრაობა, არც ცელქის მთის ნაკადულის ჩხრიალი არსად ისმის. ნიავიც განგებ შეჩერებულა, რომ არ დაარღვიოს გარშემო მშვიდობიანობა, არ დაუშალოს ბუნებას ძილი, განსვენება.

ტყე დაბარდნილია თოვლით, ხეებს ტანი და ტოტებიც აღარ ეტყობათ... აი ამ დროს ერთ კურუმს გორაზე მგლის ჯოგი გროვდებოდა. ზოგნი მოსულიყვნენ ადრე და სხვების მოლოდინიც ჰქონდათ. ყმუილით, ნელის ბოხის ხმით აუწყებდენ ამხანაგებს: “მოდით, ნუ დაიგვიანებთო!”. 

ქვეიდან, შორს სოფლიდან გაურკვეველი ჟრიამული ისმოდა. სახლებიდან ამონადენი ბოლი ნისლად, ჯანღად ზედ გადასწოლოდა სოფელს, საბნად ეხურა, მაღლა ცა გავარვარებული, ვარსკვლავებით მოჭედილი, ხოლო პირმოკუმული, გაშტერებული დასჩერებოდა დედამიწას. 

მგლები ამაღამ სოფელს უნდა ესტუმრონ. - ესაა მათი ფიქრი და განზრახვა. თავს იმიტომ იყრიდენ ერთად, რომ ტყეში აღარაფერი ეგულებოდათ საჭმელი. ერთი კვირაა მშივრები დალასლასებენ, მიწასაც კი ვეღარ თხრიდენ საჭმელად თოვლისა და ყინულისაგან.

მოგროვდენ, დიდი ჯოგი გაკეთდა. ყველანი კბილებს აკაწკაწებდენ. შიოდათ, ძალიან შიოდათ! ერთმანეთს ათვალიერებდენ და ნატრობდენ, ერთს მეორის ტანზე ერთი წვეთი სისხლი მაინც შეენიშნა, რომ ამით საბუთი ჰქონოდათ ძგერებოდენ და თავისი თანამოძმე ლუკმა-ლუკმა გაეგლიჯათ. რომელ ერთს ეყოფოდა ერთი მგელი, თითო ლუკმა ხომ არც კი შეხვდებოდათ! არა, ცოტათი მაინც შიმშილის ჟინს მოიკლავდენ. 

საგულისხმო სანახავი იყო ამ დროს მგლების კრება: ზოგი იწვა თოვლზე, სხვა დაყუნტებულიყო, რიგიც იდგა ფეხზე კუდებდაშვებული, ხოლო ყველას პირები ჰქონდა დაღებული. ასე თათბირობდენ თარეშის, ლაშქრობის შესახებ. 

- კარგი დრო გავიდა, კარგი, ბიჭებო! როგორ ბნელა! აბა, ვისაც იმედი აქვს თავისა, ეხლა უნდა ეცადოს, - ამბობდა მოხუცი მგელი ტოტია. 

- ოღონდაც, ოღონდაც - სთქვა მეორემ, - თუ სხვას ვეღარას მოვიგდებთ გარეთ, ძაღლები მაინც მოვიტაცოთ. ხომ იცით ჩემი ამბავი? თქვენ ჩაგასაფრებთ, მე გამოვიტყუებ, გავუთამაშებ, ჩავუკვდებ-მოვუკვდები ქედანას, შემოგაგდებთ ზედ და მაშინ თქვენ იცით, როგორც გაირჯებით! 

- რა შვილებმა არ ვიცით ჩვენც, როგორ უნდა ჭამა ლეშისა, - სთქვეს სხვებმა სიცილით. თათბირობდენ ფარეხის გატეხაზე. ცხვრის მოგონებაზე ყველამ დაღებული, ცეცხლით ანთებული ლაშები უფრო დააღეს და ნაკვერჩხლებად გამოაჩინეს დიდრონი კბილები. გაჰკრეს, გაუსვეს კბილი-კბილს: აჩქამდა კბილები და საერთო, საშინელ ცეცხლად დაენთო, არე-მარე გაანათა. 

აიშალნენ იმ იმედით, რომ გაძღებოდენ, დაეშვნენ თავქვე, წინ ჩაუძღვათ ტოტია, წალიკი დააკრეს გორის პირს - ჩამომწკრივდენ, იმედი უღვივოდათ გულში, მაგრამ დახეთ, რომ ბედმა უმუხთლა. რასაც არ მოელოდენ, ის მოხდა; მოხდა ის, რითაც იმათი საქმე ფუჭდებოდა, იშლებოდა; წელი მოსწყდათ.

რა მოხდა განა ასეთი? ამათ სიბნელის იმედი ჰქონდათ ხომ, მაგრამ ცოტათ შენიშნეს, რომ აღმოსავლეთით ცის პირი ნათდებოდა. ყველანი შეჯგუფდენ ერთად და მიაპყრეს იქით თვალები. ცოტა ხნის შემდეგ მთვარემ წვერი ამოჰყო. ამოვიდა მთვარე და გაანათა ტყე, მთა, ბნელი კუნჭულები; გაანათა ჯურღმული. შეჯგუფებული მგლები ბრაზმორეულნი იძახდენ: “ამოდის, ამოდის, ნათდება!” მთვარისაკენ მიპყრობილ მგლების თვალებიდან ზიზღის, სიძულვილის, სისხლის ძიების ისრები იყო გაძაფული. როგორ სწყევლიდენ მის ამოსვლას! 

- გაგიხმეს ფეხი, გაგიწყრეს ღმერთი! ვაი შენ, ვაი შენ გაჩენის დღესა! - ამბობდენ მგლები და თან კბილებს უღრჭენდენ: “ახ ნეტავი, ხელში კი ჩაგვაგდებინა, შეგვეჭამა, რომ მოგვესპო მაგისთვის სიცოცხლე”. ყველაზე უფრო წყრებოდა, ბორგავდა ერთი ბებერი მგელი. 

- ბევრჯელ მომიკალ გული. - ამბობდა იგი, ბევრჯელ დამაღონე, შე წყეულო, შე შეჩვენებულო; ბევრჯელ დამაღონე, გამიმწარე სიცოცხლის დღენი. ბევრის ცხოველის სისხლით ბევრჯელ შევიღებე ცხვირ-პირი, ტოტები და მკერდი; მთელ ორ კვირას დავუმშვენებივარ ამ სისხლსა და ჩემ ტანზე მისი დანახვით სიყმილის ჟინი მომიკლავს. ნეტავი, მთვარევ, ერთხელ შენთვისაც გამესვა ჩემი ბასრი კბილი, ნეტა შენის სისხლითაც დაემშვენებინა მხარბეჭი და თითები ლეგჩოხა ბიჭს ტოტიას. 

დანარჩენებიც ამასვე ფიქრობდენ კვლავ ლაშდაღებულნი და შეჩერებოდენ მთვარეს: მთვარე კი ამოდიოდა ზევით და ზევით, ამომაღლდა ცაზე; გაანათა ტყეში ხისა და კლდის ძირები, ბნელი ხევები, აგრეთვე გაანათა სოფლად ბნელი კუნჭულები ციხე-კოშკებისა და ძველთა შენობათა ნანგრევებისა, სასაფლაოს შავ ქვებს თავის სხივის სანთელი დაუნთო; მადლიანად და ცხოვლად იყურებოდა სასაფლაოც-კი.

გაცრუვდა ყოველი იმედი დავლისა, თარეშობისა. დღის სასწორი ღამეა. რაღა ქნან? იმედი გადაუწყდათ, სასოება დაჰკარგეს, ერთმანეთს-ღა დაუწყეს თვალიერება; ფიქრობდენ, არჩევდენ, ვინ არის ჩვენში სახარჯი, შესაჭმელიო. ერთი მზად იყო მეორეს ძგერებოდა და შუაზე გაეგლიჯა. 

მოხუცი ტოტია, თავპირდასიებული ჯაგს უკან ეყუნთა, ფიქრებში იყო გართული; იმას ბევრი შიმშილი უნახავს და ბევრი ვაება გამოუცდია, მაგრე რიგად იმიტომ არ იყო შეწუხებული, ახლაც სხვისა იმედით ნადირობდა; ახალგაზრდა მგლები უზიარებდენ იმას საზრდოს. 

- ტოტიავ, ეი, არ გესმის?! რას გარინდებულხარ, ვერა ხედავ რა ამბავია? ვიღუპებით შიმშილით, ლამის მგლის ნათესაობა, ჯილაგი გაწყდეს პირისაგან ქვეყნისა. რასა სწერს შენი კარაბადინი, ბიძიავ? - უთხრა მას ერთმა მგელმა და თან ტოტი გაუქნია თავში. 

- რას სჩადი, შე ბრიყვო, შე გაუზრდელო ვირო? - სთქვა წყრომით მოხუცმა მგელმა. სხვა მგლებმაც ყურები აცქვიტეს, იგრძნეს საქმის ვითარება. 

- ჰოდა რა?! - იღრიალა ყველამ ერთად: - ძალიან კარგად გიშვრება, შენისთანა ბრიყვზე ერთი ტოტის დაკვრა კიდევაც ცოტაა. კბილი გაუსვით მაგას, კბილი; ეს სინათლე სულ მაგის ბრალია! - ღმუოდენ ყველანი. დიდხანს აღარ აცალეს და თათებს კბილებიც მიაშველეს... 

- ბიჭო, ჭკვიანად, ჭკვიანად! რას ჩადით, თქვე ბრიყვებო? - ღმუთუნებდა ტოტია და უღრენდა კბილს ხან ერთს, ხან მეორეს, მაგრამ იმისი ღრენა ვის შეაშინებდა? ერთ წამში გათავდა ტოტიას სიცოცხლე; ლეშთან ერთად გათავდა მისი სულიც. ბეწვიც აღარსად ეგდო იმის მრავალტანჯულის ტყავისა. ოდნავ თუ სადმე ნასისხლარს შეამჩნევდით, ის იყო.

მგლებს ცოტათი გული დაუმშვიდდათ, მაგრამ კიდევ შიოდათ. შეხედეს ერთმანეთს, შეეშინდა ერთს მეორისა, ალბათ იმიტომ - ახლა მე არ შემჭამონო. შეეშინდათ და გაფრთხენ. ერთი მეორეს გაურბოდა, ჯაგიანებში ჩხლაკა-ჩხლუკი ისმოდა და თან თოვლის ჭყრიალი... მთვარე კი ამოვიდა, ამოცურდა მაღლა, თითქმის შუა ცაზე, ნათლად კაშკაშებდა და იქიდან, როგორც დარაჯი, უფთხობდა ქვეყანას მტერსა... მგლები კი გარბოდნენ უგზო-უკვლოდ ტყეში და ყველას პირზე ეკერა: “განათდა, განათდა!”. 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვაჟა- ფაველა  • • •   ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ