შესწყდა ბინდისას ომი საზარი, დადუმდა არე, სად ჰქუხდა ბრძოლა; გამარჯვებითა მოილხენს ჯარი; ურდო ცეცხლებით განათებულა!
ვითა ნუგეშსა მოგვფენს საშვებლად; შევექცეთ, ვინც დღეს გადურჩით ომსა; კვლავცა გვექმნების ზეცა მფარველად!
ჩვენცა მოუსხდეთ ცეცხლსა ანთებულს; ვესალმოთ, ვინცა სიკვდილის ხელით დაეცნენ ომში დღეს რისხვით წასულს!
ლხინით, შექცევით გულნი აღგვიგზნე; გულის ჭირთ მდევნო, ნიჭო ციერო, ვინ არს, რომელ გსვა და არ ალხინე!
ლხინით, შექცევით გულნი აღგვიგზნე; გულის ჭირთ მდევნო, ნიჭო ციერო, ვინ არს, რომელ გსვა და არ ალხინე?
რომელთა დაჰსდვეს სიცოცხლე მამულის ასამაღლებლად, რომელთა სახე დიდების სხივს მოგვფენს გასამხნევებლად, რომელთა სული მაღალი ჩვენც მიგვიზიდებს ცად მაღლად!
რომლისა კვამლი ჰაერში ქარის შებერვით არს მქრალი, - ეგრეთ იქმნების აღხოცილ ამ სოფლით მისი სახელი, გზა ცხოვრებისა ვინც განვლო და არ აღბეჭდა ნავალი!
დრომან შემუსრა, აღჰგავა მიწით მათნიცა საფლავნი; მარამ, ჰსცოცხალან ჯერეთაც დიდების მათ მოედანი, მათი სახელი, მათ ხმალი, საქმენი სახელოვანნი!
წარსულთა ძველთა საუკუნეთა, მათში სახელნი ჰსჩანან ნათელნი გმირთა, მამულის განმადიდეთა!..
დაჰმზერს ივერსა ჩაფიქრებითა? ნუთუ ვეღარა უცვნია შვილი... მისგან აღზრდილი ტრფიალებითა?
შენ მოეც ქართველს წიგნი პირველი, შენ დაუმკვიდრე ერსა ერთობა და ერთობისა წესი და ძალი!
და განძლიერდა შენისა სიბრძნით, შორსა განითქვა მისი გმირობა და მის მეფენი დიდების ბრწყინვით!
მეფე მირიან ჰბრწყინავს გვირგვინით, ჯვარისა ძალით გარე-მორტყმული, შეჰმუსრავს კერპთა მათის ბომონით!
ძველის ივერის ბნელი რწმუნება; ქართველთ მიხედეს ცას სიხარულით და საუკუნო ჰსცნეს მუნ ცხოვრება!..
ხელსა მახვილით, ვინ მოვალს გრგვინვით? ვით ბრძოლის ღმერთი, თვით მბრძანებელი, მზად არს საომრად სახე-შერისხვით!
რომლის შეხედვით სპარსელნი ჰთრთოდნენ, მისწვდნენ სადაც მის ძლიერნი მკლავნი, მტერთა შელეწდენ და შემუსვრიდენ!
მეფედ მოუვლენს დავითსა, ზეგარდმო სიყრმით ცხებულსა, მხედართ-მთავარსა უძლეველს, გულ-მოწყალესა მსაჯულსა. ზე-ჩაგონებით გასწავლულს, ენა მდინარე მეტყველსა!..
განჰვლე უდაბნო ოხერი, - სავსედ დაბებით შეჰქმენი! დაჰკარ წერაქვი, - და აღჩნდნენ ტაძარნი, ტურფად ნაშენნი! მუნ შენთან ღმერთსა ჰმადლობენ გალობით შენნი ივერნი!
დიდების სხივით შემოსილ, მშვიდობით აღყვავებული!.. აღმხედრდი ლაშქრად, - და ილტვის სულთანი შეძრწუნებული, შირვან, დერბენდი ჰყავ სამზღვრად, შენი ხმლით შემოხაზული.
თვალნი სიამის გამომაცენნი, სარო-ტანადი, ნაზად მრხეველი, თითნი ნარნარად ბროლის ნათალნი!
ქველ-მოქმედების, სახიერების, ვით მტრედი მადლის მშვიდი და წყნარი ეგრეთ მშვენებით მოვალს თამარი!
უპყრავს დიდებას და სათნოებას; წინაშე მისსა ძლევა და მუზნი განადიდებენ მისსა მეფობას!
შოთა უკვდავი, ბრძენი ჭყონდიდი; მხედართ-მთავარი დიდი მხარ-გრძელი და გამრეკელი, ლომებრ გულადი!
კახი ფარ-შუბით, თუში ხმლით, ფშავ-ხევსურს ჰშვენის აბჯარი, მკლავით ძლიერი ქართლელი, ვით ციხე-ბურჯი მაგარი, ოსი ფეხ-მარდი, მთიული ბრძოლაში შეუპოვარი!
და მშვილდოსნობით აფხაზი, გურული, მეგრი მკვირცხლობით... თამარი ლოცავს ჯვარითა, ჯარს ამხნევს გულის უხვებით; გული მეფისა ზღვა არის, უსამზღვროება წყალობით!..
ლომებრ მისცვივდნენ სინოპსა, მის ციხე ზღვაში გარდაგდეს, განვლეს არეზი, თავრიზი, ყაფლანქუ გარდაიარეს, და მტვერი გაოხრებისა, ღვთის რისხვად ყაზმინს თავს დასცეს!
მამულისათვის იტანჯვის, სარწმუნოების დამცველი, ხორც-დაგლეჯილი შანგებით, მკერდზედა ცეცხლ-ანთებული, სულის სიმაღლეს გვიმტკიცებს ზეცად დიდებით აღმსვლელი!
ელისბარ, შალვა, ბიძინა მტარვლისგან დატანჯულები!.. ტარიგად შესაწირავათ მახვილით განგმირულები, ღმერთს ავედრებენ მამულსა მათ უკანასკნელ სიტყვები!
ძმანი გულითად შეთვისებულნი; ვით წმიდა მსხვერპლი, ცად შეწირულნი. ერთ ჟამს, ერთს ომში ერთად დაკლულნი.
თავდადებითა მეფისთვის მკვდარი!.. და მეფის ძალნი ოთხნი ზაალნი, თითო ერთ ჯარად დაფასებულნი!..
სწავლის მოყვარე, მფარველი, გონება ამაღლებული! უცხოსა ცის ქვეშ მარტოობს მისი საფლავი ობოლი, დაუტირავი ჩვენთაგან, ჩვენთვის კი დამიწებული!
თვისის დროისა გამშვენებელი, მამაცთა შორის საკვირველება, პატარა კახი, მეფე ირაკლი!
ვაი მას მტერსა, სად აღჩნდებოდა! ერთის შეხედვით, მტერთა შემუსვრით ბრძოლა წამსავე გარდასწყდებოდა!
მის შუქი თუმცა გვინათებს, მარამ ვეღარ ვმზერთ მისს სახეს! მამული ვეღარ იხილავს ირაკლის ხმალსა მღელვარეს, დიდება ივერიისა მასთან მარხია სამარეს!
შენ მხოლოდ მამის იმედო, უდროდ მზე დაბნელებულო! მსხვერპლო ბნელისა მტერობის, შეუბრალებით შეჭმულო!.. შეირყა ტახტი მეფისა, რა შთახვედ საფლავს ლომ-გულო.
მთლად დაღისტანი მოაწვა გასაოხრებლად ყვარლისა! ოცდარვა დღეა, რაც ისმის ხმა ომის შეუწყვეტლისა! გაჭირდა... ციხე მისუსტდა... სად არის ხელი მხსნელისა?
ნოდარის ძენი, და ბოსტა, დავით და ბებურიშვილი გაჩნდნენ... დაჰკივლეს... ხმალ და ხმალ შუა გააპეს ლეკთ ძალი და გამოიხსნეს მბრწყინავი კახეთის თვალი ყვარელი!
ვინ არს, რომ მისგან მტერი იშიშვის? ჯარის იმედი, მტკიცე საფარი, ძლევა მის დროშას წინა მიუძღვის!
ვინც იყავ მტრისთვის, ვით ცისა რისხვა; მარჯვენას გეპყრა სიკვდილის ცელი, სადაც შეჰსძახე, მუნ იყო მტერთ სრვა!
ანაზდეულად მუნ აღჩნდებოდა, სადაცა მტერი გალაღებული, მისგან შემუსრვას არ მოელოდა!
მტერთა ზედ იყო ესრედ საზარლად; სადაც იელვა მახვილმა მისმა, მუნ მტრის სიცოცხლე განქარდა მსწრაფლად!
ზოგნი აზატის დამმხობნი, ზოგნი თემურის მებრძოლნი! აი ასპინძის გმირები, ღირსებით თაყვან-ცემულნი, რომელთ შეჰღებეს მტრის სისხლით მტკვრის ზვირთნი აღელვებულნი!
მეფის შეწევნად, და მის წინ, მისთვისვე შეფიცებულნი: - “თუ გაგვიწყრება ღმერთი და ვერა განვჰსდევნეთ მტრის ძალი, იყოს შერცხვენილ, ვინც ჩვენგან, შინა წავიდეს ცოცხალი!” და გარდიწერეს პირს-ჯვარი... ვაჟკაცებრ ხმალი იშიშვლეს... და შავარდენებრ მივარდნენ სპარსთა ურიცხვსა სიმრავლეს! შეჰსძრეს... გაჰფანტეს... მარამა... ზედ თავიც თვისი დააკლეს... ფიცი ვაჟკაცთა წმიდა არს... მათცა სიკვდილით შემოწმეს!
წახდა თბილისი და მასთან დაემხო ძველი ივერი!.. და სად დაჰსთხიეს გმირთ სისხლი აწ ვჰმზერთ სიამით ბაღთ მწვანეთ. მუნით მოისმის ლხინის ხმა გულ-უზრუნველთა მოლხინეთ! და მას წმიდასა ალაგსა, თაყვან-საცემსა ღირსებით, გლახ-უმეცრება ფეხ-ქვეშე ჰსთრგუნავს გულითა უგრძნობით!..
თქვენთა სახელთა ამაყად წარმოჰსთქვამს შთამომავლობა! თქვენთა საქმეთა მოთხრობით მოხუცს ცრემლ-მოედინება, მხნეობით აღტაცებული ჭაბუკი ხმალსა მიჰსწვდება!
თქვენთა სახელთა ამაყად წარმოსთქვამს შთამომავლობა! თქვენთა საქმეთა მოთხრობით მოხუცს ცრემლ-მოედინება, მხნეობით აღტაცებული ჭაბუკი ხმალსა მიჰსწვდება!
არ ათრთოლდეს სიხარულის აღტაცებითა აღვსილი? ვინ გიხილოს დროსა საშიშს, არ დაჰსთხიოს თვისი სისხლი. არ დააკლას თავი თვისი, შენ დიდებად, ვითა მსხვერპლი! ვინ არ შევჰსტრფით მას ადგილს, სად აღგვეხილნეს პირველ თვალნი?
სად გვფარვიდა ნებიერად ხვევნა-ალერსი მშობლისა, და სად აღგვენთო პირველად გულს ცეცხლი სიყვარულისა, სად აწ ნაზისა რხევითა კეკლუცნი, გულის მიმტაცნი, ტაძრად მიდიან ცრემლითა ჩვენთვის მხურვალედ მლოცავნი!
მასზე მავალსა ხელმწიფებრ, მზეს ბრწყინვით განსხივებულსა, ღამით ვარსკვლოვანს ფირუზსა, მთოვარით განათებულსა! სიცოცხლის მომფენს ჰაერსა, სუნნელებრ შეზავებულსა!
და მდინარენი ზახილით ზვირთის ზვირთებზე მსროლელნი; უფსკრულნი - ჩაბნელებულნი, კლდენი - თვალ-გადუწვდენელნი, სად მონადირე ჰსდევს ჯიხვსა და მის ქვეშ ჰვლენან ღრუბელნი.
მათზე კასკასით წყარონი, გახარებულნი მორბიან; მათ სიკამკამეს ყვავილნი თავ-დახრით განცვიფრდებიან; გულს მათი ხილვა უხარის, თვალთ კვალად ენატრებიან;
ერი - გულადი, პურადი, მებრძოლი შავის ბედისა?! შავთა დროთ ვერა შესცვალეს მის გული ანდამატისა, იგივ მხნე, იგივ მღერალი, მოყვარე თავის მიწისა!..
და იქმნეს აღყვავებული კეთილ-დღეობით, დიდებით; იქმნეს მის ქედი აღყვანილ ცათამდის ძეთა მხნეობით, და სიყვარულის მისდამი ვჰხარობდეთ გულსა აღგზნებით!
თუ ფუჭი მისი სიცოცხლე ვერა რას არგებს მამულსა! მის სადიდებლად ჩვენც შევჰხვდეთ უშიშრად ათასს მახვილსა, და მოვჰკვდეთ, თუკი სიკვდილით ვადიდებთ მისსა სახელსა!
არ ათრთოლდეს სიხარულის აღტაცებითა აღვსილი? ვინ გიხილოს დროსა საშიშს, არ დასთხიოს თვისი სისხლი, არა დაკლას თავი თვისი, შენ დიდებად, ვითა მსხვერპლი!
მაგრამ, ჰე შენ, მეგობრობავ, შვების ვარსკვლავად აღგვეგზენ! გვინათლე ცხოვრებისა გზა, ზედა ყვავილნი მოჰფინენ, და განჰვლოთ გულის სიმტკიცით, შენც თანა-მგზავრად შეგვექმენ!
თუ არ აღვადგენთ დაცემულს, არ ვექმნეთ ნუგეშ-მცემელი? თუ არა ვჰსდევნით ბოროტსა, მართლის არა ვართ მფარველი? სხვის კვნესა თუ არ გვაწუხებს, სხვისა არ გვესმის ტკივილი?
ვჰსდევნიდეთ ძალას დამჩაგვრელს და მისსა უსამართლობას; ვჰსდევნიდეთ კაცის წამპილწველს, უწმინდურს ანგაარებას: ვჰსდევნიდეთ ყოველს, რაც უშლის კაცისა სულის მაღლობას!..
ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარის-შვილობას! კაცი ის არის, ვინ არის ზეგარდმო მადლით ცხებული; მის მხოლოდ ღვაწლი არს კეთილ, მით მხარე დამშვენებული!
ნაცვლად ლხინისა, იქნება ვისმე გვითხრიდნენ სამარეს? ოხ! ვით ძნელ არს მეგობრისთვის, მეგობარსა რომ მარხავდეს, ანუ ჰსჭვრეტდეს საშიშს ალაგს, შემწეობას ვერ აძლევდეს!
რომლისა სუნი, სიტურფე, არა არს ჯერეთ გამქრალი! ხვალის იმედით არ ვჰკარგოთ ეს ჟამი მალხინებელი, თვარა მერწმუნეთ, რომ ხვალე ხშირად არს მაცდუნებელი!
დავლიოთ მისთვის ფიალა და აღთქმა არა გვავიწყდეს... ვიყვნეთ ცოცხალნი მეგობრად და ვინცა ომში დაეცეს, ცრემლნი, კურთხევა მეგობართ თან გავაყოლოთ სამარეს!
ნაცვლად ლხინისა, იქნება, ვისმე გვითხრიდნენ სამარეს. ოხ! ვით ძნელ არს მეგობრისთვის, მეგობარსა რომ მარხავდეს, ანუ ჰსჭვრეტდეს საშიშ ალაგს, შემწეობას ვერ აძლევდეს!
მოიგონეთ სიყვარული, რომლით სიცოცხლე გვიტკბება, რომლის შუქი აღგვამაღლებს, რომლით სული გვინათლდება, რომლით კაცი მშვენიერობს, მაშინ თვით ღმერთს ემსგავსება!
ღიმილით შენსა შეყრასა ნუთუ ამაოდ ვისურვი? გულისა მნათი, ლამპარი ნუთუ ჩემთვისა განჰქარდა და ჩემი ბედნიერებაც წასულთა დღეთთან წარვიდა?..
ნეტარ ის ჟამი, როს სატრფო თავსა ჩვენსა გვავიწყებდეს: მას შევსტრფოდეთ, შევხაროდეთ, თავს ვევლოდეთ, ის გვტანჯავდეს; ხან უწყალოდ გულს გვიკლავდეს, ხან ლმობითა ნუგეშგვცემდეს!
ვის არ შეეხო ეშხი გულს, არ ებრძვის გულის წყლულებთა? მიჰხედეთ ვარდსა, მაშინ ჰფენს უმეტეს სუნნელებათა! ოდეს ნიავი შეხებით შეარყევს მისთა რტოებთა!
და სატრფოს სახე მარად ვის სულსა აღბეჭდვით თან ჰსდევდეს, ამა სოფელსა, მას რაი წინა საბრკმელად აღუდგეს? გულს სიყვარულით, ხელს ხმალით, რას არა აღასრულებდეს?
ფიალა სავსე შევსვათ წყურვილით! ვისურვოთ, რომელ მის ცრემლი ჭმუნვის გაშრეს, ვით ღვინო, ამა ფიალით! შვებისა დღენი მისთვის არ შეჰსწყდეს, არ ვნახოთ იგი ჭმუნვისა ღრუბლით! ახ, სატრფოს ხილვის დღე როს აღმოჰსჩნდეს, ენა გვემუნჯოს მეტ სიხარულით! ჰე, ჩემო ღმერთავ! აწ შენ მოგმართავ! მისმინო კვალად შორით სიტყვანი: ყოველ ჩემ ფიქრთა, ჩემთ საუბართა, იდუმალ ოხრვათ, ხარ შენ საგანი! თუ-არა შენზე, ვუბნობდე სხვაზე! ბრალი არს ენა და მის როტვანი! ვაი-თუ ჩემმან, უდროდ შავ-ბედმან, აქ განმისაზღვრა მეც აღსასრული! ვაი-თუ მოვკვდე, მეც ობოლ-მწირად, გულს არ დამეცეს სატრფოის ცრემლი. არ მესმას მისი ხმა ნუგეშისა, სიკვდილის ჟამის დამატკბობელი? არა ვემთხვიო, ბაგით ძლივ-ცოცხლით, უკანასკნელად მშვენიერს მის გულს. რომ სახე მისი, თვალთა დახშულმან, თანა წარვიღო იმიერ სოფელს მუნ საშვებელად, მუნ სანუგეშად, და რათა მითვე ვჰსცნა უკვდავება!.. რაა გინდ მოვჰკვდე? მაინც შენდამო სულს სიყვარული თანა წარჰყვება!.. არს უკვდავება, სულის დატკბობა, რომელს დასასრულ არა ექმნების. მაშ სახე, სულის დამატკბობელი, იმიერ სოფელს არ განგვშორდების. და სიყვარული, სულის მაშვენი, სიცოცხლეს-თანა არა დაჰშრტების, თვარა სიყვარულს თუ დავჰკარგვიდე, უკვდავებამან მის წილ რა მომცეს? უსიყვარულოდ სასუფეველი, ვით საპყრობილე, ჩემთვის შეიქმნეს!..
ფიალა სავსე შევსვათ წყურვილით; ვისურვოთ, რომელ მის ცრემლი ჭმუნვის გაშრეს, ვით ღვინო ამა ფიალით!
ცას სიხარული მოჰფინა და ქვეყანასა შვენება! აენთნენ ცეცხლის ალებრივ შორს გაბნეულნი ღრუბელნი; ცა მშვენიერობს, ნათლდება... მასა შევნატრით მხილველნი!
ათასის ხმებით ფრინველნი განთიადს მიეგებიან! მოჰქრის დილისა ნიავიც გულისა მაგრილებელი; ფშვინვა დაიწყეს ყვავილთა და ბაღში ფოთოლთ შრიალი!
დაჩუმდით... ყური მიუგდეთ... არ გესმით, ჰგალობს ბულბული? ირაკლის თაფაც გამოჩნდა... აჰა მთაც კიდობანისა!.. აი მყვირალა ზანგიცა და ბურჯნი ერევანისა!..
გულისა ჭმუნვის გამქარველს, სიცოცხლის დამატკბობელსა!... ღმერთო, ვინ მიჰსწვდეს შენგან ქმნილს, მისს ფერ უთვალავს შვენებას? სიბნელეს აქრობ ნათელით, სიკვდილით ჰბადავ ცხოვრებას!..
განემზადება საომრად რაზმი და რაზმი ჯარისა! აი თოფიცა გავარდა... აი რბის ცხენი მხედრისა! ამ მშვენიერსა დილასა, კაცს რად ჰსურს სისხლი კაცისა?
და დღეს ვინც ვეღარ დაბრუნდეს, ის ცრემლით მოვიხსენიოთ! დასრულდა, განჰქრა, სიზმარებრ ესე ლხინიცა ღამისა... წარვიდეთ, სადაც მიგვიწოდს ხმა საიდუმლო მხვედრისა!
ძმანი და ტოლნი, ვაჟკაცნი, რომელნი ხილვით გვალხენდნენ?.. განგვშორდნენ გულის ნაცნობნი, ვინცა გულითა გვიყვარდნენ, თვალთ მიგვეფარნენ... წავიდნენ... ძველთაგან დავშთით მე და შენ!..
ვჰსთქვი? და ვერ ვჰსთქვი რაცა, ის წყლულად, გულს დაშთა და მით ვიტანჯი!.. მაგრამ, თუ ვინმემ აქ ჰპოვა აზრი ნაცნობი გულისა, ვივიწყებ, რაც ვსვი სიმწარე ეკლიანს გზაზე სოფლისა!..
რაც ვიყავ, იგი აღარ ვარ, ვერც კი ვგრძნობ, რაცა მიყვარდა; დღე ყოველ, ჟამი ყოველი მაკლებს რასამე კეთილსა. ვჰმზერ მწუხარებით მომავალს და ვჰსწყევლი ფუჭად წარსულსა.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გრიგოლ ორბელიანის პოეზია |