კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 10:01

ერთი დიდად მდიდარი კაცი იყო და ერთი სხვა კაცი იყო. მისი უცხო სიმდიდრის ხმა გასულიყო. 

თქვა მან, მრავლის მქონებელმან მდიდარმან: 

- ჩემი სალაროსა რიცხვი არა ვიცი, მეფეთაც არა აქვთ ჩემოდენი და მის კაცისა სიმდიდრე უფრო იქება ჩემგან. წავიდე და ვნახო მისი უნჯი, რის უფალია? 

მივიდა, მას კაცს ევედრა მისის სალაროს ჩვენებისათვის. 

წაიყვანა მან კაცმან მდიდარი იგი, ურიცხვი ბეღლები უჩვენა ხვარბლითა და ქერითა სავსე და მხიარულად უთხრა: ღმერთს ჩემთვის ესოდენი წყალობა მოუნიჭებიაო! 

მდიდარმან მასცა აგინა, და რომელიც მის დიდებას აქებდა, მასცა და ეგრე უთხრა: რაც შენ პური გაქვს, იმდენი მარგალიტი მაქვს და სიმდიდრედ არ მიმაჩნიაო, და წავიდა. 

მომავალსა წელსა ესეთი სიყმილი მოვიდა, რომე პურის ხსენება არსად იყო, დაიმშა ყოველი კაცი. 

მან მდიდარმან მოუგზავნა კაცი პურით მდიდარსა და თვალ-მარგალიტი მოუძღვნა და პურს ევაჭრა. მან პასუხი არ გასცა. მერმე აქლემთ აჰკიდა მრავალი თვალ-მარგალიტი და მოუძღვანა, რომე სხვაგან არ დაიდებოდა. 

მან ფასი აგრევე შეაქცია და ესრეთ შეუთვალა: 

- ნუ ჰგონებ, რითაცა ფასითა მე შენ პური მოგყიდო, და თუ ცოლი გამომიგზავნო, რაოდენი გინდეს, წაიღევ! 

რა ეს ესმა, კაცი იგი დიდად დაჭმუნდა და თქვა: თუ მივსცე ცოლი, ამხანაგთ რა უთხრა, ანუ ვისთვისღა ვიყიდო პური; თუ არა და, პურს არ მომცემს და შვილნი დამეხოცებიანო. 

ღონე გაუწყდა. შესვა ცხენსა ცოლი და გამოუგზავნა. 

რა მან კაცმან მისის ცოლის მისვლა სცნა, ეგრე უთხრა: შენ ჩემი დედა ხარ, რადგან შენი ქმარი ესრეთ ვნახე, ამპარტავნად მაგინებელი დია დამბალა, აწ რაოდენი გენებოს, წაიღევ და წადიო! 

მრავალი მისცა და გაუშვა.

სასკოლო ლიტერატურა • • •  სულხან-საბა ორბელიანი - იგავ არაკები • • •  სიბრძნე სიცრუისა/იგავ-არაკები

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ