მეფე ვინმე იყო დიდებული. ოცდაათი ვაჟი ჰყვა. რა მოიწია დრო სიკვდილისა მისისა, მოუწოდა ძეთა თვისთა, მოაღებინა ოცდაათი ისარი, შეკრა მაგრა ერთად და მოზიდა, რათა გატეხოს და ვერ გატეხა. მერმე თითო-თითო მოზიდა და ყოველივე დალეწა. უთხრა შვილთა თვისთა:
- თუცა ერთად ხართ და ერთსა პირსა ზედა სდგეხართ, მტერი ეგრე ვერ გაგტეხსთ, ვითა მე წეღან შეკრული ისარი ვერ გავტეხე; თუ გაიყრებით, ესრეთ თითო-თითოდ დაგლეწოსთ მტერმან. თავიცა მოსთხაროთ და მოყვარეცა.
- აწე, თქვენი საქმე მას ჰგავს. თქვენი სიტყვა თუცა ერთი იყოს, დაემყაროს მეფობა ჩემი. და რადგან მტერნი ხართ, ჩემს საქმეს წაუხდენელს არ გაუშვებთ.
ვაზირთ წესია, რამდენიც იყვნენ, პირი ერთი ჰქონდესთ. ერთის ჭკუა და რჩევა უამხანაგოდ სწორედ არ წავა, არ იქმნების, რაგინდ ბრძენი იყოს, ერთიც არის საქმე არ დაიცდინოს და ერთის საქმის დაცდენითა ბევრი წახდება. ამისთვის ორისა და სამის კაცის რჩევა სჯობს.
ვაზირნი ერთმანერთის მოყვარულნი ხამს.
ვაზირობა სიქიშპითა და კაცის მტერობით არ კარგა იქმნება.
თუ ვაზირი ბატონის ერთგულია, მტერი უნდა დაიმოყვროს, თავისი აუგიც აპატიოს, გული გაიერთონ და დაემტკიცოს მეფობა პატრონისა მათისა.
ვაზირი ხვაშიადის შემნახავი ხამს. თუცა ერთმანერთში შუღლი მოხდა, ხვაშიადი გამჟღავნდების და მათგან ერთმანერთის მტერობით გაიცემა, სიტყვას და ბრალობას დაუწყებენ: მან თქვა, არა მას უთქვამსო.
ვაზირი, პატრონისა და ქვეყნის სამჯობინაროს მდომი უნდა იყოს. რა მეფე ერთს წყალობას უზამს, მეორე მისი ქიშპი გაორგულდების.
ვაზირი ღვთის მავედრებელი და ჭკუის და სიბრძნის მჩხრეკელი ხამს და, რა კაცმა თავისი მტერი დაინახოს, გული აუდუღდეს და ჭკუა და მცნება დაეფანტოს.
ვაზირთ სიტყვა უნდა შეამოწმონ და, რომელი ამჯობინონ, იგი დაასკვნან. მტერნი ხომ არას ღონით სიტყვას არ შეამოწმებენ და, თუ შეამოწმებენ, კიდეც დამოყვრდებიან!
ვაზირთა მეფისა და ქვეყანისა დაყენებაც შეუძლიათ და წახდენაცა.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • სიბრძნე სიცრუისა/იგავ-არაკები |