ერთმან მეფემან უბრძანა თვისსა ვაზირსა: წადი, ასეთი საჭმელი მომიტანეო, რომე ხმელზე მის უტკბესი არა იყოსო და არცა ზღვათა შინა იპოვებოდესო!
წავიდა ვაზირი, ენა უყიდა, მოუტანა, შეწვა, აჭამა და მოეწონა. უბრძანა კიდევ: წადი, ასეთი რამ მომიტანე, ქვეყანაზე მისი უმწარესი არ იპოვებოდესო!
წავიდა, კიდევ ენა უყიდა და მოუტანა.
უბრძანა მეფემან: მწარე ვითხოვე, ენა მომიტანე და ტკბილი ვითხოვე და ენა მომიტანეო!
მოახსენა ვაზირმან: თავმან შენმან, არცარა ენის უტკბოსი იქნების და არცარა ენის უმწარესი პირსა ყოვლისა ქვეყნისასაო.
- აწ მეფეო, ხელმწიფეთა წინა მდგომი კაცი სანთელია: თავსა თვისსა დასწვავს და სხვათ გაუნათლებს; მეფისა საყვარელსა კაცსა სხვანი სძულობენ და ხრიკითა მასცა შეაძულებენ.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • სიბრძნე სიცრუისა/იგავ-არაკები |