კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 04:41

რა გათენდა, შესხდნენ და გაემართნენ. ასმათიც თან მიჰყავდათ, უნაგირზედ უკან შემოსმული. ასე იარეს ფრიდონის სამეფომდე, იქ კი მესამე ცხენიც იშოვეს, ვაჭარმა ოქროს ფასად მისცა, არკი უძღვნა. მეგზურად ავთანდილიც კმაროდა, სხვა არავინ დასჭირვებიათ.

ერთგან ჯოგს წააწყდნენ, მოეწონათ, მიხვდნენ ფრიდონისა იყო. ტარიელმა ძმობილს შესთავაზა: მოდი, ფრიდონს გავეხუმროთ, ჯოგი გამოვირეკოთ, თითქოს მის წასართმევად ვართ მოსულიო, გაიგებს და:


"გამოემართვის საომრად, ველთა სისხლისა დაღებად,

ანაზდად გვიცნობს, გაკრთების, გულსა შეჰლამის დაღებად,

ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შე-ვე-იქმს ლაღებად”.


ჯოგს დაერივნენ და საუკეთესო ტაიჭებს იჭერდნენ. მეჯოგეებმა მსწრაფლ ცეცხლი გააჩაღეს, პატრონისათვის კვამლით რომ ხიფათი ენიშნებინათ. მერე მომხდურთ გასძახეს: ვინა ხართ, მოყმენო, რას სჩადით?! ჯოგი იმისია, ვინც მტერს ხმლით წამსვე მზეს დაუბნელებს, დაკვნესებაც ვერ მოასწროსო!

რაინდებმა მშვილდი მოიმარჯვეს და უკან დაედევნენ. მეჯოგენი, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, გარბოდნენ და გაჰყვიროდნენ: გვიშველეთ, მძარცველებმა დაგვცხოცესო. ხმიანობაზე ხალხი შეიყარა. აღარ დაერიდნენ და თვით ხელმწიფესაც აუწყეს.

ფრიდონი ფიცხლად შეეკაზმა და გაეშურა, თან ურიცხვი რაზმი ახლდა. წინ "იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაჰზრვიდა”, ძმობილს რომ არ ეცნო, სახეზედ მუზარადები ჩამოეფარებინათ. ტარიელმა ფრიდონი რომ დაინახა, მუზარადი მოიხადა, გაუღიმა და სიცილით უთხრა: რას გვერჩი, "ჩვენი მოსვლა რას გეწყინა? პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა!”

ფრიდონი მსწრაფლ ცხენიდან ჩამოხტა და ორივეს მდაბლად თაყვანი სცა. თავადაც ჩამოქვეითდნენ, ძმობილს მოეხვივნენ და აკოცეს. ერთმანეთს ამშვიდებდნენ, გეგონებოდა, "შეყრილ იყვნეს ორნი მზენი, ერთი მთვარე”. რად შეგიგვიანდათ, უფრო ადრე მოგელოდით, მე მზადა ვარ, ოღოდნდაც, თქვენს სამსახურს როგორ დავიზარებო, უთხრა მათ ფრიდონმა და სასახლისაკენ წაუძღვა.

რა მივიდნენ, შეიწვია და მოწიწებით უმასპინძლა. მას აბჯარი მიართვეს და მოუბოდიშეს: ახლა ამის მეტი არმაღნად არა მოგვიტანია რა, მაგრამ საშენოდ სხვაც ბევრი გვაქვს გადადებული ტურფა ძღვენიო.


"მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია:

`ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია!”


იმ ღამეს სანატრელი სტუმრები საამოდ მოასვენა, "აბანოს ბანნა”, ნაირნაირი შესამოსელი უძღვნა, სიტურფით ერთმანეთზედ უკეთესნი, მერე ოქროს გობით უცხო და საკვირველი თვალ-მარგალიტი მიართვა. დილა რომ გათენდა, უთხრა:

- ავი მასპინძლის სიტყვას გეუბნებით, თითქოს თქვენი სტუმრობა მომწყენოდეს, მაგრამ დაყოვნება არ გვარგია: წინ გრძელი გზა გვიძევს და, თუ ქაჯთა ლაშქარმა მოგვისწრო, საქმე გაჭირდება.

ქაჯეთს ერთხელ უკვე ვყოფლვარ, ნახავთ და თქვენც დარწმუნდებით, რაოდენ ძნელი მისადგომია: ირგვლივ სულ კლდეები აკრავს, ალყის შემორტყმა არ უხერხდება. თუ მალულად არ შევეპარეთ, აშკარად ვერას გავხდებით. ამიტომ დიდ ლაშქარს ნუ ვიახლებთ, შეუმჩნევლად ვეღარ ვივლით.


"დიდთა რას ვაქნევთ ლაშქართა? კარგნი გვინდან და ცოტანი,

სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი,

ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ხრმალთა კოტანი,

მას ადრე ვჰპოვებთ, ვისიცა მოგვკლავს ალვისა, მო, ტანი!”


მის ნათქვამს მიემოწმნენ. ასმათი იქ დატოვეს, ფრიდონისაგან დასაჩუქრებული. სამასი მამაცი მხედარი იახლეს და გაემართნენ. ზღვა გადაცურეს და ნაპირზედ გავიდნენ, კვლავ სიარულში უღამდებოდათ და უთენდებოდათ.

ფრიდონმა გზა იცოდა და, ქაჯეთს რომ მიუახლოვდნენ, თქვა: აწი მარტო ღამღამობით უნდა ვიაროთ, თორემ დავმჟღავნდებითო. მისი რჩევა ახლაც გაიზიარეს: დღისით იდგნენ და ღამით ფიცხლად მიეშურებოდნენ

აი, ქაჯთა ქალაქიც გამოჩნდა, უთვალავი ლაშქარი რომ იცავდა. გუშაგნი მეტად ახლო-ახლოს იყვნენ და მათი ძახილი ერთიან გუგუნად გაისმოდა. გვირაბის კარს ათიათასი რჩეული მოყმე-ჭაბუკი ედგა დარაჯად. ქალაქს მთვარე დაჰნათოდა და ლომგული ძმობილნი მას ღამითაც ხედავდნენ, უთვალთვალებდნენ.


"თქვეს: `ვითათბიროთ, ვითა ვქმნათ, აწ გამორჩევა ძნელია.

ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია."

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ