კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:36

წავიკითხე, ჩემი ქება მოგიწერია, თქმა შენ დამასწარ, თორემ შენგან მე უფრო მაქვს ცეცხლი მოდებული, "შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება” და ჩვენი შეხვედრა სწორედ რომ პირიანია, მოვალ, თუ მიხმობო, სწერდა პასუხად ავთანდილი.

ენა ვერ იტყვის, რარიგ გაიხარა ფატმანმა. მყისვე მისწერა: კმარა, რაც უშენოდ ცრემლი მიღვრიაო, შენი მომლოდინე შინ მარტო ვიქნები და, რა შეღამდეს, ფიცხლად მომაშურეო.

დათქმულ დროს, მოყმე მასთან რომ მიდიოდა, წინ მსახური შემოხვდა და მოახსენა: შემოგითვალა, ამაღამ ნუ მოხვალო, "ვერა მპოვებ შენთვის მზასა”. ჭაბუკს ეწყინა, ეს რასა ჰგავსო, და გაჯავრებულმა გზა განაგრძო:


"წვეული აღარ დაბრუნდა კვლა ზევე უკუწვევითა,

ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა."


შეხედვისთანავე ქალს წყენა შეატყო, თუმცა მისი შიშითა და ხათრით არკი იმჩნევდა. ერთად დასხდნენ და ხვევნა-კოცნაში დროს სიამით ატარებდნენ.

ანაზდად ვიღაც ლამაზი და ახოვანი მოყმე შემოვიდა, თან ხმლოსანი მსახური შემოჰყვა. მოყმე რა მათ მიუახლოვდა და ავთანდილი დაინახა, შეკრთა, თითქოს კლდიდან გზაზედ უფსკრულს წასდგომოდეს. ფატმანი მისმა მოსვლამ საშინლად შეაძრწუნა.


"მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა,

უთხრა: `არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა,

გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა!”


ბოზო დიაცო, ხომ ასე მასხრად ამიგდე და შემარცხვინე, ნახე, ხვალ რაც მოგეზღოს მაგის სამაგიეროდ: უსაზომო სატანჯველს მიგცემ, "ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად!” თუ გადავთქვა, სახეში მომაფურთხეო. ეს უთხრა და წავიდა.

ფატმანმა თავში ხელი წაიშინა, ღაწვებს იკაწრავდა, "ცრემლთა, მისთა მონადენთა, წყაროსებრნი ისმნეს წკარნი”, მოდით, ქვა მომაყარეთ და დამქოლეთო, მწარედ ვაებდა.


"მოთქვამს: `მოვკალ, ჰაი, ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი,

იავარ-ვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი,

გავეყარე საყვარელთა, ვა გამზრდელნი, ვა გაზრდილნი.

და ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი".


ავთანდილი განცვიფრებული უსმენდა, მერე ჰკითხა: რა დაგმართია, რა მოთქმა-ვაებას მისცემიხარ, ან ის მოყმე ვინ იყო და რას გერჩოდა, რა წაგირთმევია, რაზედ დაგემუქრაო.

ნურას მკითხავ, ლომო, გახელებულს ცრემლი მახრჩობს და მაინც ვერაფერს გეტყვიო, მიუგო ქალმა, ვაი, რომ შენი მოუთმენელი სიყვარულით თავიც დავიღუპე და ოჯახიც ძირბუდიანად ამოვაგდე, რაღა გამახარებსო, მწარედ შესჩივლა.


"ესეგვარი დია მიჰხვდეს სიტყვა-მცთარსა, ენა-მეტსა,

ხვაშიადის ვერ-მმალავსა, უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა, 

ვაგლახითა მეწივენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა!

მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა”.


- ახლა ორისაგან ერთი მოიმოქმედე, მეტს ნურას ეცდები, - უთხრა ფატმანმა ავთანდილს: - ან წადი და ის კაცი ამაღამ მალულად მოკალ. იცოდე, ამით მე და მთელ ჩემს სახლობას ამოწყვეტისაგან გვიხსნი. როცა დაბრუნდები, უკლებლივ გიამბობ, რაზედ ვტირი და ვვაებ.

ან არადა ამაღამვე თქვენი ბარგი ააკიდებინეთ და ჩემს მიდამოს ერთობ მოეცალეთ, მგონია, ჩემმა ცოდვამ შენც ჭირითა და წუხილით აგავსოს: თუ ის მოყმე ხვალ ხელმწიფესთან მივიდა, დიდი უბედურება დატრიალდება ჩემს თავს.


"რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნება-ზიარსა,

ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მხნე არსა!

`ამა საქმისა ვერ-ცნობა, - თქვა, ჩემი სიძუნწე არსა”,

ნუ ეჭვ სულ-დგმულსა ქვეყანად, თუ ვითმე მისებრი არსა!


კაცი მომეც, რომ გამომყვეს და გზა მიმასწავლოს, თორემ მისი შველა არად მინდაო, უთხრა მან ფატმანს. იმ მოყმეს რაღაც ვერ ვატყობ, რომ მეომრობაში გამიტოლდეს, მშვიდად დამელოდე, მოვალ და მოგახსენებ, რასაც ვუზამო.

ქალმა მსახური აახლა და მიმავალს მიაძახა: "ვინათგან ცეცხლი ცხელია აწ ნელად, თუ მო-ვითა-ჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად”, თითზე ჩემი ბეჭედი უკეთია და, გევედრები, ის მომიტანეო.

ქალაქი გავლეს და ზღვის პირას სასახლეს მიადგნენ: წითელ-მწვანე ქვით იყო ნაგები, ქვემოთ ვრცელი დარბაზები ჰქონდა, ზემო სართულს შუაში კიდევ სართული ედგა, ერთობ ტურფა და მიმზიდველი ჩანდა.

მხლებელმა ავთანდილს უჩურჩულა: ვისაც ეძებ, ეს სასახლე იმისიაო, დასაძინებლად ზემოთ ადის, ხოლო, თუ ფეხზეა, ქვემოთ იქნებაო. ავთანდილი იქით გაემართა. ნახა, კარის წინ ორი დარაჯი უწვა, ფეხაკრეფით მიეპარა, თითო ხელით ორივეს ყელში სწვდა და წამსვე სული გააფრთხობინა: "თავი თავსა შეუტაკა, გაურია ტვინი თმასა”.

მოყმე საწოლს მარტო იწვა გულჯავრიანი, წამოდგომაც ვერ მოასწრო, ავთანდილი ფიცხლად მიეჭრა, ძირს დაანარცხა და დანით იდუმალ მოკლა.


"მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია!

ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელს მიწათა გარია,

ზღვათაკე სარკმლით გასტყორცა, ზღვისა ქვიშათა დარია,

და მისთვის არცაღა სამარე, არცა სათხარად ბარია."


მათი დახოცვის ამბავი არავის გაუგია, იქიდან ისე უჩუმრად "წამოვიდა ვარდი ტკბილი”, ან კი რას უნდა გაემწარებინა?! უკან იმავე გზით დაბრუნდა და ფატმანს მისვლისთანავე მიახარა: მოვკალ, მზე დავუბნელეო, შენივე მსახური მოწმედ მყავს და, აჰა, ბეჭედიც თითითურთ მომიტანიაო.

ახლა კი მითხარ, წეღან ისე რამ გაგაშმაგა ან ის კაცი რას გემუქრებოდა, ამ ამბის შეტყობა მეტისმეტად მეჩქარებაო. ფატმანი მუხლებზე მოეხვია, სახეში გიცქერდე, ღირსი არა ვარო, ქება შეასხა და მადლი მოახსენა: "გამიმრთელდა გული წყლული, ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად”, მე და უსენი წვრილშვილითურთ თითქოს ხელმეორედ დავიბადეთო. მერე დასძინა: რახან იმისი ჯავრი ამომყარე, ყური მომაპყარ და ყველაფერს მოგიყვებიო.

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ