მოყმე მიდიოდა და სავსე მთვარისაებრ შუქს მიაფენდა. თინათინის მოგონებით იამებდა დაწყლულებულ გულს, ფიქრში შეჰღაღადებდა, შენ გაქვსო ამ წყლულის მამრთელებელი წამალი, ვაი, რომ ცრუ და მუხანათ საწუთროს დავუშორებივართ და ასე უმოწყალოდ ვეწამებიო.
"რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირთა სამს ალებისა?
რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა,
არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა?!
შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა!”
ზღვის ნაპირს მიუყვებოდა, ტარიელის მზის მძებნელი, და დღედაღამ თვალთაგან ცრემლი ღვარად სდიოდა. მგზავრი არ გაუშვია, არ ეკითხა, მისი თუ რამე იციო. კვალიც რომ ვერსად ეპოვნა, მისთვის ყველაფერს ფასი დაჰკარგოდა: "ჩალად უჩნს ყოვლი ქვეყანა მისვე ჩალისა წონითა”. ასი დღე ასე ევლო, როცა ქედს გადაადგა და იქიდან დატვირთული აქლემები შენიშნა.
რა მივიდა, ნახა, ზღვის პირას ურიცხვი ქარავანი იდგა. მოქარავნენი საგონებელს მისცემოდნენ: ვერც გაჩერებულიყვნენ და ვერც მიდიოდნენ. მოყმე მიესალმა და ჰკითხა, ვაჭარნო, სადაური ხართო.
ქარავნის უფროსი უსამი ჭკვიანი და გამოცდილი კაცი იყო, უებრო ჭაბუკი დალოცა და ხოტბა შეასხა, შენ, ქვეყნის მანათობელი, ჩვენდა ნუგეშად ამობრწყინებულხარო, უთხრა გახარებულმა და მიიწვია, ჩამობრძანდი, ჩვენს ამბავს გიამბობთო. ავთანდილი ცხენიდან ჩამოვიდა და უსამმა მოახსენა:
- ჩვენ ბაღდადელი ვაჭრები ვართ, მაჰმადის რჯულის ერთგული მიმდევარნი. ზღვათა მეფის ქალაქს დიდძალი განძი და საქონელი მიგვაქვს გასაყიდად. ზღვის პირას აქ გონმიხდილი კაცი ვნახეთ, მივეშველეთ და მოვასულიერეთ. უკვირდა, ცოცხალი როგორღა ვარო, გაგვაფრთხილა, ზღვაში ნუ შეხვალთ, თორემ დაგხოცავენო.
"თქვა: ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა,
ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ-ფერითა,
მუნ მეკობრეთა დაგვხოცეს ძელის სახნისის წვერითა,
ყველაი წახდა, არ ვიცი, აქა მოსრულვარ მე რითა”.
ლომო და მზეო, აქ ამიტომ გავჩერებულვართ, - შესჩივლა უსამმა, - რა ვქნათ, აღარ ვიცით: უკან დავბრუნდეთ, უზომო ზარალს ვნახავთ, ომი კი ჩვენ არ შეგვიძლია და, შევიდეთ, ვაითუ დაგვხოცონ. ვერც აქეთ, ვერც იქით წავსულვართ და მეტი მოცდის ღონეც აღარა გვაქვს.
- ურვა და წუხილი ამაოა, - უთხრა ავთანდილმა, - ცაში რაც გარიგებულა, მაინც არ აგვცდება და ბარემ მოსახდენი მოხდეს. მე მომენდეთ, თქვენი სისხლი ჩემს კისერზედ იყოს. ნუ გედარდებათ, "ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების”.
მოქარავნეებმა დიდად გაიხარეს: უშიშარი რაინდია, ჩვენებრ მხდალი კი არა, თავის იმედი აქვს და, რაღა გვიჭირს, გულდამშვიდებით ვიყოთო. ხომალდში ჩასხდნენ და ზღვაში შევიდნენ. საამო ამინდი ედგათ და დაუბრკოლებლივ მიცურავდნენ. ავთანდილი ბადრაგად უძღოდათ, მხნე და ლომ-გმირი ჭაბუკი.
ანაზდად მეკობრეთა ხომალდი გამოჩნდა, ვეება დროშას მოაფრიალებდა, ხომალდთა შესალეწად წინ სახნისი ჰქონდა მიმაგრებული ხის ტარით. ყიჟინითა და ბუკ-ნაღარით მოდიოდნენ. ქარავანი ლაშქრის სიმრავლემ შეაკრთო. მოყმემ დაამშვიდა: ნუ გეშინიათ, იმათ ვაჟკაცობას ახლავე გიჩვენებთ, ერთობ ამოვწყვეტ, თუ ჩემი აღსასრულის დღე არ დამდგარაო.
"უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი;
განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი;
ვერ დამხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ძმანი, -
ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი."
აბა, თქვენ ომისა რა იცით, მშიშარა ვაჭრებმა, შედით და კარი ჩაიკეტეთ, შორდან რომ ისრით არ დაგხოცონო, მე მიყურეთ, მარტო როგორ შევება და მათი სისხლი ღვარად ვადინოო.
ჭაბუკმა აბჯარი ვეფხვივით მკვირცხლად ჩაიცვა. რკინის კეტი ცალ ხელში დაიჭირა და ხომალდის ზედ ცხვირზედ მედგრად დადგა. მეკობრენი ღრიანცელით მოიჭრნენ და ის იყო სახნისი მოქარავნეთა ხომალდისათვის უნდა ეძგერებინათ, რომ მოყმე მძვინვარე ლომივით ეკვეთა, კეტი ჰკრა და ხის ტარი გადაუმტვრია. მეკობრეთა ლაშქარს თავზარი დაეცა, იკადრეს და გაქცევა დააპირეს.
"ვეღარ გაესწრნეს, გარდუხდა მტერთა მიდა მო მლეწელი,
არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი."
მხნედ დაერია, თითქოს ცხვრის ფარა ყოფილიყოს, და მუსრს ავლებდა, ერთი ხელის მოსმით მთელ გროვას თავს რისხვას ატეხდა, "რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა”. ზოგი ხომალდს შეანარცხა, ზოგიც ზღვაში გადაყარა, უფრო მეტი მახვილით აკაფა, "ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა”.
დაკოდილთ ხმა გაეკმინდათ და მკვდრებში იმალებოდნენ. თუკი ვინმე უვნებელი დარჩენილიყო, ძლევამოსილ ჭაბუკს შეევედრა და რჯული აფიცა, ნუ ამოგვწყვეტ, შეგვიწყალეო. უსმინა და აღარ დახოცა, ტყვედ წამოასხა, მისი მლოცველნი. "მართლად იტყვის მოციქული, შიში შეიქმს სიყვარულსა”.
ომი ისე გაუმარჯვდა ავთანდილს, გულით რომ ეწადა. მერე მეკობრეთა ხომალდი მოიარა, იქ დიდძალი განძეულობა ნახა. ხომალდი ხომალდს შეაწყვილა და ქარავანს გასძახა, გამოდითო. მხიარულნი გამოცვივდნენ. უსამმა მის უებრო სიმამაცეს ქება-დიდება შეასხა, "სასახავნი დიდნი სახნა”. ხოტბას არც სხვები იშურებდნენ, ათასი ენა ერთად აქებდა, მაგრამ:
"ვერცა მათ თქვეს, ნაომრობა როგორ ტურფად დაუშვენდა.
ქარავანმან იზრიალა, თქვეს: `უფალო, მადლი შენდა,
მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა!”
თავ-პირსა და ხელ-ფეხს უკოცნიდნენ, ისევ და ისევ უსაზომო ხოტბას ასხამდნენ, მხსნელად მოგვევლინეო, შეჰღაღადებდნენ, ესოდენ მძიმე ფათერაკს შენი წყალობით გადავურჩითო. უებრო ჭაბუკის ჭვრეტით ბრძენიც კი გახელდებოდა, ჭკუას დაკარგავდა, ქარავანს რაღა მოუვიდოდა?!
- მადლი ღმერთს უნდა შესწიროთ, - მიუგო მოყმემ, - ქვეყნად ხომ ყოველივე მისი ნება-სურვილით ხდება, ზოგი ცხადად და ზოგიც ფარულად. ღმერთმა გიხსნათ, ამოდენა ხალხი მან შეგიბრალათ და არ გაგწირათ, თორემ მე რა ვარ, მიწა და მტვერი, უმისოდ, აბა, რას გავხდებოდი?! ღვთის შეწევნით ქადილი ამისრულებია და თქვენი მტერი შემიმუსრავს, საუნჯით სავსე ხომალდიც ძღვენივით მიმიღია.
"ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გაჰმარჯვებოდეს,
ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინც ამას თანა-ჰხლებოდეს,
მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს,
ჰშვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ჰვნებოდეს."
მეკობრეთა ნაძარცვი განძეულობა, ანგარიში რომ არ ეგებოდა, იმავე დღეს გადმოტვირთეს, ხოლო დაცარიელებული ხომალდი დალეწეს და ცეცხლს მისცეს. მერე უსამი ავთანდილს ეახლა და ვაჭართა შემონათვალი მოახსენა: ვიცით, თავად რა უმწეონიცა ვართ, ძალი და სიმტკიცე შენგან მოგვნიჭებია! რაც კი სიმდიდრე გაგვაჩნია, უეჭველად ისიც შენია და გვიბოძე, თუ რამეს გვარგუნებო. ავთანდილმა შეუთვალა:
- ძმანო, აქამდეც მითქვამს, მე კი არა, ღმერთს უნდა უმადლოდეთ, მან შეისმინა, ცრემლთა ნაკადით რომ ევედრებოდით, და გადაგარჩინათ. მაგ სიმდიდრეშიც წილს ვერ დავიდებ: "რა გინდა მომცეთ, რას ვაქმნევ, მე ვარ და ჩემი ცხენია!” საუნჯე თუ მდომებოდა, "ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ-საგებელი”. თქვენთან მოვდივარ და, იცოდეთ, არას გეცილებით, თქვენი მხლებელი ვიქნები მხოლოდ. ჩემი საქმე სხვაა, თავი სხვა რამეზედ გამომიდვია.
"აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი,
რაცა ვის გინდა, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი,
ერთსა ვიაჯი, მააჯეთ სააჯო არ-საკრძალავი:
საქმე რამე მიც თქვენ შიგან თავისა დასამალავი."
დრომდე ჩემს ჭაბუკობას ნუ გაამჟღავნებთ, თქვით, ჩვენი პატრონია-თქო. ვაჭრულად ჩავიცვამ და ვაჭრობას დავიწყებ. აბა, თქვენ იცით, ძმობა გამიწიეთ და ხვაშიადი შემინახეთ.
მოყმის ნათქვამმა ქარავანი დიდად გაახარა. მოვიდნენ, თაყვანი სცეს და მოახსენეს, ნატვრა აგვსრულებია და ეგ არისო: ჩვენ უნდა გვეთხოვა და თავად გითხოვიათ, რომ იგი ვიწინამძღვროთ და "მას ვმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია”.
ხომალდი დაძრეს და შეუჩერებლივ მიეშურებოდნენ. საამო ტაროსი ედგათ და მგზავრობაც საამო ჰქონდათ. ავთანდილს შეჰხაროდნენ, ხოტბას ასხამდნენ, მის კბილთაებრ შუქმოციაგე მარგალიტი ძღვნად მოჰქონდათ.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ვეფხისტყაოსანი / შინაარსი |