კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:24

მოძმის მოშორებით შეწუხებული ავთანდილი მწარედ ტიროდა, მისი მოთქმა-ვაება ცასა სწვდებოდა. წუთისოფელს დიდი სამდურავი უთხრა:


"ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა,

ყოვლი შენი მონდობილი ნადაგმცა ჩემებრ ტირსა,

სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!

მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა."


რაოდენ მაშინ მისი ნახვა მეამა და გავიხარე, ახლა უმისობა ისევე მეძნელება და ვერ ამიტანია, რა ვქნა, ასეთი ვარო, "კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის”. 

ავთანდილის თვალთაგან დადენილი სისხლის ცრემლით გზად მხეცნი ძღებოდნენ, გულს შემონთებული ცეცხლი ვერა და ვერ გაენელებინა. თინათინის მოგონება ხომ კიდევ მეტი ურვითა და ვარამით ავსებდა. მაგრამ მწუხარეც კი უებრო მშვენებით გაბრწინებულიყო: "ბაგეთათ ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა”. უზომო დარდი და ნაღველი მაინც თავის დაღს ასვამდა:


"ვარდი ჭნებოდა, ღრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა,

ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა,

გამაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდ ა.

იტყვის, თუ: `ბნელი რას მიკვირს, რათგან დაგაგდე, მზეო, და!”


- მე შენში, მზეო, თინათინის ღაწვთა ელვარებას ვხედავ, "შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთად და ბარად”, გაშმაგებულს შენი ხილვა მახარებს და მიტომ შემოგცქერი თვალმოუშორებლივ, შენ კი რად მომიძულე და გულს რად არ მითმობ? - ცრემლით შეჰღაღადებდაა მზეს ავთანდილი.

- ზამთარში, ერთი მზე რომ გვშორდება, გვცივა და ვწუხვართ. მე ორ მზეს ერთად მოვშორებივარ და გული როგორ არ დამიწყლულდეს, კლდე ხომ არა ვარ, უგრძნობელი და უტკივარი?! ამ წყლულს ვერა დასტაქარი ვერას უშველის. მისმინე, მზეო, გევედრები `შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა, ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ, სვესა”, ნუ, გულის საყვარელს ნუ გამყრი და დღეს ღამედ ნუ შემიცვლი!

- მოდი, ზუალო, მომიმატე ცრემლი და ურვა, "გული შავად შემიღებე” და მიმეცი უკუნ სიბნელეს, კაეშანი მძიმე ტვირთად შემომახვიე, ოღონდ მას უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის მტირალი!

- მუშთარო, შენ გემუდარები, ჭეშმარიტსა და ღვთიურ მსაჯულს, მოდი, ჩემს გულში ჩამოიხედე და ისე გამსაჯე: `მართალი ვარ, გამიკითხე, რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?!” იცოდე, სწორს ნუ ამრუდებ, სულს ნუ წაიწყმედ!


"მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა,

შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა,

მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა,

რაგვარ გასრულ ვარ, შენ იცი, გული არღარას ლხენით-ა.


მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა,

ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა;

შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა,

ვისმე ჩემებრსა დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა.


ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა:

მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა;

დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა,

კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა, წვრილსა ვითა თმასა."


- მოდი, მთვარეო, შემიბრალე შენებრ მიმცხრალი! მეც ხომ შენებრ ხან გამავსებს მზე ნათლით და ხან ასე გამლევს. ჩემს მზეს უამბე, რანაირად ვიტანჯები და გონსა ვკარგავ, უთხარ, მისი ვარ, მისთვის ვკვდები და ნუ გამწირავს.

- აჰა, შვიდნივე მნათობნი ცისა, ჩემო, ჩემთვის რომ შუქმიბნედილან, მემოწმებიან, რა უშრეტი ცეცხლითაც ვიწვი, ნეტავი, შენ შეგატყობინონ!

მხნეობა მოიკრიბა და გულს იმშვიდებდა: კმარაო ამდენი ცრემლი და ვაება, თავი მოვიკლა, აბა, რას გვარგებს, დაგმე ეშმაკი, ნუ აჰყოლიხარ იმის ცთუნებას! მეც ხომ ვიცი, რა უებრო მშვენება ამკობს ჩემს გამხელებელს, ვისაც "თმად ყორნის ბოლო სთმობია, მაგრა, თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!” გაუძელ, გულო, იქნებ ცოცხალი გადავრჩეთ და მისი ნახვა ისევ გვეღირსოსო.

ცრემლთა ნაკადი მაინც ვერა და ვერ დაეწყვიტა. სევდის მოსაქარვებლად სიმღერა წამოიწყო და მერე რა სიმღერა, მასთან ბულბულის გალობაც კი ბუს კივილად გეჩვენებოდა.


"რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან, 

მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,

ისმენდიან, გაკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან,

იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან."

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ