კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 04:32

კვლავ მოთქმა-ტირილით მიდიოდა, ამდენი დარდისა და ვარამისაგან ფერდაკარგული. ერთ ქედს გადაადგა და თვალწინ ველი გადაეშალა, ალაგ მზიანი, ალაგ ჩრდილდანაცემი. მერე შამბნარის პირას უაღვირო შავი მერანი შენიშნა და, უეჭველად იმისიაო, გაიფიქრა გახარებულმა.


"რა
შეხედნა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათდა,

აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ უათდა,

ვარდმან ფერი განანათლა, ბროლი ბროლდა, სათი სათდა,

ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა."


როცა
მიუახლოვდა და ტარიელი შეიცნო, ელდა ეცა: პირისახე დაღმეჭოდა, თმააბურძგნილსა და საკინძეჩახეულს მკვდირს ფერი ედო, უგრძნობლად იწვა, "მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა”.

გულს ცეცხლი მოსდებოდა და თვალთაგან ცრემლი წყაროსაებრ სდიოდა. ცალ მხარეს მოკლული ლომი და სისხლიანი ხმალი ეგდო, მეორე მხარეს - მიწას დანარცხებული უსულო ვეფხვი.

ავთანდილი ახლოს მიუჯდა და გამწარებული ჩასძახოდა: ტარიელ, ტარიელ! თვალი გაახილე, მე ვარ, "ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა?!” რომ ვერაფერი ასმინა, ცრემლი სახელოთი მოსწმინდა და თვალები მოუსრისა. ძლივძლივობით ცოტათი მოასულიერა და


"მაშინღა
იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა.

ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრივ არვინ შობილა!


ძმაო, არ მოგატყუე და, რომ ხედავ, ფიცი ასე შეგისრულე, ცოცხალი დაგხვდი, - უთხრა მან ავთანდილს, - ახლა კი დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავ-პირში ვიცე, მარტო ერთსა გთხოვ: მკვდარი დამმარხე, მხეცთა საძიძგნად ნუ გამხდი!

რა მოგივიდა, ავ საქმეს რად ეპირები?! - უსაყვედურა ავთანდილმა. - მიჯნურობის ცეცხლით ვინ არ დამწვარა, მაგრამ, რასაც შენ სჩადი, სხვას ძეხორციელს მაგის მსგავსი ვის რა უქნია? სატანას ნუ წაუღიხარ და ნებით თავს ნუ იკლავ!


"თუ
ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა:

ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა.

ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა.

თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა."


თავად
ბრძენი რად არ მიჰყვები ბრძენთა ბრძნულ ნათქვამს? ტყე-ველად მტირალი რომ დაიარები და მხეცებში გარეულხარ, ეგრე რა წადილს ეწევი? თუ წუთისოფელი მოიძულე და გაექეცი, ნეტავი, ვისთვისაც კვდები, იმას როგორღა იპოვი? აუტკივარსაც ძალად რაზედ იტკივებ, "თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ”, მაგ დღეში მარტო შენ ხომ არა ხარ?!


"ვინ
არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან,

ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?

მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან?

არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!


ვარდსა ჰკითხეს: "ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად?

მიკვირს, რად ხარ ეკლიანი? პოვნა შენი რად არს ჭირად?"

მან თქვა: "ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად:

ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად."


უსულო
და უდღეური ვარდიც რომ ამას ამბობს, შენ რაღად ივიწყებ, სიხარული და ბედნიერება ჭირუნახავად არავის მისცემია: "მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო?” გულიდან განდევნე ეშმაკეული ზრახვა, ავი და ბოროტი რომ განუყრელად თან ახლავს!

საწუთროს ნუ ემდური, სხვას რომ არ დამართოდეს, ისეთი არა უქნია რა შენთვის! გამაგრდი, გულისთქმას ნუ აჰყოლიხარ, "რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა!” საამებლად არ გეუბნები, დამიჯერე, ასე სჯობია.

ძმაო, რაღა გითხრა, ენას რომ ძლივს ვიბრუნებ, - შესჩივლა ტარიელმა, - გაშმაგებულს იმის თავიც აღარა მაქვს, სიტყვა მოგისმინო. მაინც რა ადვილად გეჩვენება ჩემი სატანჯველის ატანა! ახლა მარტო ისღა მახარებს, რომ აღსასრულის ჟამი დამდგომია, "მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!” მომაკვდავი გულში ამას ვლოცულობ, ვნატრობ მდუმარედ: ცოცხლივ დაშორებული მიჯნურნი იქ მაინც შევხვდეთ ერთმანეთს და კვლავ გავიხაროთ-მეთქი.


"საყვარელმან
საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს?!

მისკე მივალ მხიარული, მერმე იგი ჩემ კერძ იროს,

მივეგებვი, მომეგებოს, ატირდეს და ამატიროს.

ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს!


მართ გარდაწყვედით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა:

სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსაღა დავჰყოფ მცირასა;

არ ცოცხალ ვიყო, რას მაქმნევ? რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა?

დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევჰრთვივარ სულთა სირასა."


რა
მითხარი ან რას მეუბნები, არ მესმის, მაგის მოსასმენად სადა მცალია, წუთიც და... აღარ ვიქნები, მეც იქ მივდივარ, იმ მიწაში, ცრემლით რომ დამილბია. გულგახელებულს სიცოცხლე ისე უგემური მეჩვენება, როგორც არასდროს. ჰმ, ბრძენიო! რის ბრძენი, რა ბრძენი, შმაგმა ბრძნობა რარიგ გასწიოს?! ეგ მაშინ უნდა გეთქვა, ჭკუაზედ რომ ვიყო.


"ვარდი
ვერ არის უმზეოდ, იყოს, დაიწყებს ჭნობასა.

მაწყენ, არა მცალს, დამეხსენ, არცაღა ვახლავ თმობასა!”


ავთანდილი
მაინც არ ეშვებოდა. ათანსაირად ეხვეწა და არწმუნა, შენი სიკვდილი იმას რას არგებს და ტყუილუბრალოდ თავს ნუ იღუპავო, მაგრამ ვერა და ვერ დაიყოლია. მერე მდუღარე ცრემლი გადმოღვარა და უთხრა:

რახან არ მისმენ, ამაო ლაპარაკით თავს აღარ შეგაწყენ. თუ სიკვდილი გირჩევნია, მოკვდი, "ვარდი დაჭნეს, და-ცა-მჭნარა”. ოღონდ ერთსა გთხოვ და ნუ გამაწბილებ. "სადა ინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა, მას მოვეშორვე”, ჩემს სიყვარულსა და სასოებას, ვერც მეფის მამობრივმა შეგონებამ დამაკავა და შენკენ გამოვეშურე.

გძებნე და ძლივს მიპოვნიხარ, შენ კი თავიდან მიშორებ, ვაი, ჩემს მოსწრებას! სულმთლად გულმოკლულს ნუ გამაბრუნებ, ეს სურვილი მაინც შემისრულე: "ერთხელ შეჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მხდელი”, იქნებ სევდა შემიმსუბუქდეს, და მერე წავალ, დაგტოვებ, რახან ასე გინებებია.


"ეხვეწებოდა
, შეჯეო, აჯას ხვეწნითა არვებდა,

იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა,

ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა.

დაიმორჩილა, ეამა, არ ივაგლახა, არ ვებდა."


შევჯდები
, ცხენი მომიყვანეო, უთხრა. მან მოჰგვარა და წყნარად, აუჩქარებლად შესვა. მინდვრისაკენ გაემერთნენ. რა ერთხანს იარეს და სიარულმა "ტანი მჭევრი აძრევინა”, ტარიელს მომჯობინება დაეტყო.

ავთანდილი მიმზიდველად და ენაწყლიანად ებაასებოდა, ძოწისფერ ბაგეთაგან მოხდენილსა და ხალისიან სიტყვას ისე აფრქვევდა, მისი მოსმენა მოხუცსაც გააყმაწვილებდა. ტარიელს თითქოს დარდი დაავიწყდა, "მოიშორვა კაეშანი”, გამოცოცხლდა, გამხნევდა. მისი გულისწუხილის მკურნალსა და დამაამებელს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია:


"რა
შეატყო მოჯობება მან სევდისა მუფარახმან,

განანათლა პირი-ვარდი სიხარულმან დაუსახმან,

ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხვრა-ახმან,

ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან."


ნელ
-ნელა საუბარში რომ შეიყოლია, აღარ დაერიდა და შეჰბედა, ერთი რამ გამიმჟღავნე, ხვაშიადი გამანდე, და მერე დავდუმდები, მეტს არას გკითხავო: "ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული, რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს?”

ეგ რად მითხარი, ხომ იცი, "არ-სასმენლისა მოსმენაცხარეზე უცხარესიაო, უსაყვედურა ტარიელმა და დასძინა: ან კი მისი უებრობა რანაირად გამოვთქვა, "სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა!” ესაა ჩემი სიცოცხლე და ჩემი შვების მომცემი, მთელ ქვეყანას რომ მირჩევნიაო, "მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა”.

მეც ეგ მინდოდა მეთქმევინებინა, - მიუგო ავთანდილმა, - ხოლო რახან სთქვი, პასუხსაც პირუთვნელად მოგახსენებ: ისა სჯობია, მაგ სამხრეზედ უფრო მეტად ასმათს არ შეელიო და არ მოიშორო.

ოქროს სამხრე, ოქრომჭედლის ნახელავი, შეგიბამს და უტყვ, უგონო, უსულო ნივთს შესტრფი, შეჰხარი, ასმათი კი აღარ გინდა, "პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, თვით მერმე შენი დობილი”, დად ნახმობარი, თქვენი შუამავალი და პირისპირ შემყრელი, რჩეული მსახური და მეხვაშიადე, მისი გამზრდელი და მისთვის ცნობამიხდილი საბრალო ასმათი! ვაი, რომ მიგიტოვებია და ნახვას არც ეპირები. ვერა, მაგას ვერ მოგიწონებ, "შაბაშ მართლისა ბრჭობისა!”

რაც გითქვამს, სრული სიმართლეა, - უთხრა ტარიელმა, - ნამდვილად შესაბრალისია ასმათი "მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად”. რას ვიფიქრებდი, თუ ცოცხალი დავრჩებოდი, ზედ სულზედ მომესწარ და ცეცხლი გამინელე. მაგრამ, რახან დავრჩი, ოღონდაც, წავიდეთ და ვნახოთ, თუმცა ჯერ ისევ რეტდასხმული ვარ.


"დაჰმორჩილდა
, გაემერთნეს ავთანდილ და ამირბარი.

ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი:

კბილნი - ვითა მარგალიტნი, ბაგე - ვარდი ნაპობარი.

გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.


ამას ეტყვის: "შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა,

მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა;

არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა:

არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?"


ურვა და წუხილი, აბა, რას გიშველის, - დასძინა ავთანდილმა, - ესეც ხომ იცი, უღვთოდ და უგანგებოდ არავინ კვდება. მზეს ვარდი სამ დღეს ელოდება დაუჭკნობლად. შენც გაუძელი, მოილოდინე. ბედი იყოს, ცდას ნუ დააკლებ და, თუ ღმერთმა ინება, უეჭველად გაიმარჯვებ, საწადელს ეწევი: "ბედი, ცდა და... გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების”.

ეგ დარიგება მთელ ქვეყნად მიღირს, - მიუგო ტარიელმა: - "გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს”. მაგრამ რა ვქნა, როგორ გავუძლო, როცა წუხილი გაუძლისი გულს მომაწვება! შენც მიჯნური ხარ, "შენცა გჭირან ჭირნი ჩემნიდა, დიაღაც მიკვირს, რაღად მამტყუნებ?!

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ