- იქიდან წამოსულ ავთანდილს აუტანელი სევდა შემოსწოლოდა. "პირსა იხოკს, ვარდსა აზრობს”. მისგან დადენილ სისხლის ცრემლს მხეცნი დასწაფებოდნენ. ფიცხლად მოდიოდა და შორი გზა მალე გალია.
როცა იმ ადგილს მოატანა, საცა თავისი ლაშქარი მიეტოვებინა, თვალი მოჰკრეს და იცნეს. სიხარულით რომ გული იჯერეს მსწრაფლ გაეშურნენ და შერმადინს ახარეს: "მოვიდაო, აქანამდის ვისთვის ლხინი გაგვემწარნეს!” ერთგული მოყმე პატრონს მყისვე:
"გაეგება, მოეხვია, ზედა დასდვა პირი ხელსა,
აკოცებდა, სიხარულით ცრემლსა ღვრიდა, ველთა მრწყველსა."
ნეტავი, ცხადია, თუ სიზმარში ვარ, ეს რა მეღირსა, უვნებელს გხედავო! ავთანდილმაც მიუალერსა, სიყვარულით მოიკითხა, უთხრა: მადლობა ღმერთს, თუ არა გაგჭირვებია რაო. დიდებულებმა თაყვანი სცეს და მოწიწებით ეამბორნენ. დიდით პატარამდე ყველა სიხარულს მოეცვა. სასახლემდე ზარ-ზეიმით მოაცილეს, აქ ხომ უამრავი ხალხი მოაწყდა:
"მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული.
მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი, შვებული.
ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კლებული!"
რაც რამ ენახა, შერმადინს სრულად უამბო. უცხო მოყმეზე რომ უყვებოდა, ცრემლმორეული თვალს ძლივს ახელდა. ბოლოს შესჩივლა: უმისოდ ჩემთვის ყველაფერს ერთი ფასი აქვს, სიცოცხლეს ხალისი დაჰკარგვიაო. შერმადინმა შინაური ამბები უკვებლივ მოახსენა და დასძინა: როგორც მიბრძანე, ისე მოვიქეცი და ხვაშიადი შეგინახეო.
ის დღე ნადიმობაში მიიწურა, სადღა წავიდოდა, დაღლილ-დაქანცულმა ღამით გამოისვენა და, ინათა თუ არა, შეჯდა და სატახტოსაკენ გაემართა. ფიცხლად მიეშურებოდა, "სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა: მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა”.
მახარობლად შერმადინი აფრინა და როსტევანს შეუთვალა: მუდამ განცხრომა-დიდებითამც სუფევდე, მეფეო! ლაღსა და ამაყს ამას დიდი რიდითა და მოკრძალებით შემოგკადრებ: იმ მოყმისა რომ ვერა გვეცნა რა, თავი მომძაგებოდა, "აწ ვცან და გაცნევ ყოველსა, მოვალ შვებით და მშვიდობით”. შერმადინმა რა ეს მოახსენა, გახარებულმა ხელმწიფემ ღმერთს შეჰღაღადა: რასაც გეხვეწებოდი, გმადლობ, რომ ამიხდინეო!
"თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა:
ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა”.
იგი მით აკრთობს ელვასა, მზისაცა უთამამოსა,
მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა."
როსტევანი შეჯდა და ავთანდილს მიეგება. მოყმე ცხენიდან ჩამოხტა და მოწიწებით თაყვანი სცა, ბედნიერებით გაბადრულმა ხელმწიფემ მხურვალედ გადაკოცნა. შვება-ლხენით გამოეშურნენ და სამეფო დარბაზს მიმართეს.
მისი დაბრუნება ყველას სიამეს ჰგვრიდა, დიდებულთაგან ზოგი მთვრალსა ჰგავდა, სიხარულით რეტდასხმული. მალე თინათინიც გამოჩნდა და:
"მას ავთანდილ თაყვანის-სცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა,
მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა,
პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა-ზესა,
სახლ-სამყოფი არა ჰმართებს, ცამცა გაიდარბაზესა!
იმ დღეს ნადიმად ისხდნენ და უხვი საბოძვარი გასცეს. მეფე მოყმეს, როგორც შვილს ტკბილი მამა, ისე შეჰხაროდა და უალერსებდა, "მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა, ვარდსა ნამა”. ნადიმის შემდეგ მარტო დიდებულნი დარჩნენ. ხელმწიფემ ავთანდილი ახლოს დაისვა და აამბობინა, თავს რაც გადახდომოდა ან უცხო მოყმისა "რა ენახა, რა ესმინა”.
გამწირავი წუთისოფელი კაცს ჭირში გამოატარებს და ნირს შეუცვლის, მისი სიმუხთლით "ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან”. ტარიელი მაინც სხვა იყო, შუქდაუბინდავი! მისი სახელის ხსენებაზე ავთანდილს ღაწვი ცრემლით დაენამა და ქვითინი აღმოხდა. დაიჩივლა, ნუ გაიოცებთო, თუ იმის მომგონი სულ ვკვნესოდე და ვვაებდე:
"მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა,
ვინ უნახავ ქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა;
ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა, შორს მყოფი, ახ, ის ა!"
მის ამბავს დაწვრილებით მოჰყვა. თხრობა რომ დაასრულა ქება შეასხეს და მხნე მარჯვენა დაულოცეს. მერე მხიარულად დაიშალნენ, დიდად კმაყოფილნი.
ის იყო საწოლს მივიდა, რომ თინათინის მსახური ეახლა და, გიხმობსო, მოკრძალებით მოახსენა. რარიგ ეამა, ენა ვერ იტყვის. ადგა და ფიცხლად გაემართა `ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარ-სრული, მრავალ-წყალი”. სიხარულით ფრთაშესხმული მიდიოდა. თავად ხომ ლომი იყო და შამბნარშიაც ლომთა შორის უშიშრად ევლო, მასთან მაინც შემკრთალი შევიდა, თუმცა გული გულთან გაეერთებინა.
"მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არ ნადევრი,
წყლად ევფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი;
ბროლ-ბადახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი,
მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა, ხამს, აქებდეს ენა ბევრი!"
თინათინი მხიარულად დაუხვდა, სკამი შესთავაზა და პირისპირ დაისვა. ლხინით სავსენი ერთმანეთს შესტრფოდნენ, ტკბილად და თამამად ბაასობდნენ. ქალმა უთხრა: იპოვე არა, ვისი ძებნითაც გაიტანჯეო? როცა კაცი გულის წადილს აისრულებსო, მიუგო ავთანდილმა, მაშინ უკვე:
"ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა;
ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა,
მუნ პირი, მსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ-ნაკლულისა."
- მე რომ მიკიდია, ისიც იმავე ცეცხლით იწვის და მეტადრე ეს მაღონებს. ვაი, რომ წუთისოფელს უცრემლოდ ვერავინ გადაურჩება! - დაიჩივლა ჭაბუკმა მიჯნურმა და ტარიელის ამბავი უფრო დაწვრილებით უამბო: - საბრალოს ვერ აუტანია ბროლ-მინანქარივით სხივმოელვარე გულისსწორის დაკარგვა და გახელებული, მტირალი ტყე-ველად "მხეცთა თანა იარების”. სიცოცხლე მოსძაგებია და ძეხორციელს ახლოს არ ეკარება, ვეფხვივით მღვიმეში ბინადრობს. `სულთა დგმად და ჭირთა თმენად” ერთადერთი ასმათი ჰყავს, სატრფოს რჩეული მოახლე და მეხვაშიადე. ტარიელის ქებას რა ენა იტყვის ან მის მნახველს სხვა რაღად მოეწონება:
"თვალნი მჭვრეტელთა, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების,
ვარდი შექმნილა ზაფრანად, აწ ია შეიკონების!”
თინათინს წადილი აუხდა: ამბავი, მის შეტყობას რომ ასე ნატრობდა, დიდი ხალისით მოისმინა და "განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა”. თანაც ამ ამბავმა ჩააფიქრა და გული აუჩვილა. რა ვუშველოთ, ჭირთა გაძლება რით გავუადვილოთ, მის წყლულს რა წამალი ეწამლებაო, ჰკითხა ავთანდილს. მოყმემ აღარ დაახანა და გაუმჟღავნა:
- მისვლის ვადაც დამითქვამს და მზეც შემიფიცავს, შენთვის სიცოცხლეს არ დავიშურებ-მეთქი. იგი ჩემი გულისთვის არ დაერიდა და თავისი მწარე თავგადასავალი გაუძლისი წვა-დაგვით მიამბო. მომენდო, მიძმო და როგორღა ვუმტყუნო?!
"ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად;
კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად,
აჰა, მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!"
- აქამდის დადაგული გული დამიამდა, სურვილი რომ ერთობ ამსრულებია, - უთხრა თინათინმა: - შენ მშვიდობით დამიბრუნდი, გადაკარგული უცხო მოყმის მპოვნელი, და დამიბრუნდი ისე, რომ "ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა”.
წუთისოფელი ყველასათვის ამინდივით ცვალებადი ყოფილა: კაცს თურმე ხან მზეს გამოუბრწყინებს და ხან კიდევ ცას რისხვით მოუქუხებს. ხომ ხედავ, "აწ ასრე ლხინად უხვდების”, რაც უშენოდ ჭირი მინახავს. "რათგან შვება აქვს სოფელსა”, არა, უსასო ურვა-წუხილს კაცმა თავი არ უნდა მისცეს.
"შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა,
ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა”.
შენ წახვალ და, თუ რამ ეწამლება, ვიცი, გაუჩენელს გააჩენ და მიეშველებიო, ოღონდ მე რა ვქნა "ბნელ-ქმნილმა, მზე მიმეფაროს, მი, ცისა?”
- შენმა მცირე ხნით ნახვამ ურვა უფრო მომიმატა, - შესჩივლა ჭაბუკმა, - დამზრალ წყალს სულის შებერვა რას გაათბობს? ისიც ხომ ამაოა, მზეს მაღლა, ცაში, დაბლიდან სიყვარულით ეალერსებოდე და ამბორს უგზავნიდე. "თუ გეახლო, ერთხელ ვა და, რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!” საშველი ვეღარ დამდგომია და ეს არი.
"ვა თუ გავიჭრა, გაჭრილსა სადა, გლახ, დამწვავს სამ ალი,
გული ძეს საგნად ისრისა, მესრის საკრავად სამალი;
დრო სიცოცხლისა ჩემისა დღესითგან ჩანს ნასამალი;
მალვა მწადს, მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი!"
ვიცი, ვარდი უეკლოდ არ მოიხელთება და, თვითონ ხედავ, ეკალს არც ვუფრთხიო, დასძინა ავთანდილმა, ოღონდ, "მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე, სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე!” ტკბილი მოყმე იყო და ენაც ტკბილი ჰქონდა, მისთვის სიკეთეს ვინ დაიშურებდა? ქალმა წადილი წამსვე აუსრულა: მარგალიტის მკლავსაბამი შეიხსნა და მისცა.
"რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს,
ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს,
მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს!
ვაი მოყვრისა გაყრილსა, ახი ოს ეყოს, ახი ოს!"
ერთურთის ჭვრეტით ტკბებოდნენ და ხარობდნენ. მაგრამ, რა მისგან წამოვიდა, ავთანდილს სევდამ ხელი დარია და გაშმაგდა, მკერდში მჯიღს იცემდა და ილურჯებოდა, ცრემლად იღვრებოდა მიჯნურობით აგულჩვილებული: "მზე ტირს სისხლისა ცრემლითა ზღვისაცა მეტის-მეტითა”.
რად ვერ გაძღაო ჩემი სისხლით წუთისოფელი, მწარედ ქვითინებდა. ასეა, "რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს”, მასაც შუქმომფინარე სატრფოს დაშორებით გულს ბინდი დასცემოდა, თინათინის სიახლოვის სიამე ჩაშხამებოდა. ცრემლითა და ვაებით გზად მიმავალს მძიმე ფიქრები სულ უფრო უკარგავდა მოსვენებას, თავის ძნელებდობას მოთქვამდა, წუთისოფლის სიცრუესა და სიმუხთლეს უჩიოდა:
"სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად;
იტყვის: "მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად!
მიკვირს, თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად,
ვირე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!
ვინ გუშინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო, მომრწყო, მახია,
დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია,
დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა მახია,
აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!"
ვერც შინ მისულმა მოისვენა, საწოლზე წამომჯდარი ისევ სისხლის ცრემლს აფრქვევდა და გონი მისდიოდა. სატრფოს სახე სულ თვალწინ ედგა დათრთვილული ბალახივით ფერგამკრთალს. "ჰხედავთ, ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების!” თინათინის მკლავს ნაბამი მარგალიტის სამკაული სათუთად მკერდში ჩაიკრა და ეამბორა. მერე, გული რომ ვერაფრით დაიწყნარა, გამწყრალმა მისი სიხარბე და დაუდგრომლობა დაგმო:
"გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,
გული - ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი,
გული - ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი,
ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!"
რა გათენდა, კაცი მოუვიდა, მეფე დარბაზს გიხმობსო. მყისვე გაემართა, ლაღად და მოხდენილად მიეშურებოდა, დარდსა და უძილობას არ იმჩნევდა. მოყმის სანახავად უამრავ ხალხს მოეყარა თავი, ერთმანეთს აწყდებოდნენ, ტევა აღარსად იყო. უჩვეულო ჟრიამული იდგა, საკრავთა ხმიანობას ხომ ყურთასმენა წაეღო.
მეფე შეეკაზმა და შეჯდა, ავთანდილი სანადიროდ აწვია. თან იმდენი წაეყვანათ, "მზესა ქორნი აბნელებდეს”, მწევარ-მეძებართაც თვლა არა ჰქონდათ. უამრავი ნადირი დახოცეს, სულ სისხლით მორწყეს მიდამო. სასახლეში მხიარულნი დაბრუნდნენ, აქ გაშლილი სუფრა ელოდებოდათ.
დიდებული ნადიმი გაჩაღდა, მომღერალ-მოსაკრავენი ხომ, ნუღარ იკითხავთ, ისეთნი იყვნენ. ავთანდილი მეფეს გვერდით დაესვა და ტკბილად ბაასობდნენ, იცინოდნენ, ხარობდნენ, "ბაგეთა გასჭვირს ბროლ-ლალი, მათ კბილთა ელვა ჰკრთებოდა”. მახლობლად რჩეულნი ისხდნენ და ისმენდნენ, "შორს ჯარი დაიჯრებოდა”. უტარიელოდ ხომ ენა ვერავის მოებრუნებინა, ყველა მის ხსენებაში იყო.
მოყმე შინ გულმოკლული მივიდა. სასახლიდან წამოსულს გზად ბევრი ცრემლი ეღვარა. თვალწინ სულ სატრფოს სახე ედგა, თინათინი ელანდებოდა. ვერა და ვერ დაწყნარებულიყო: "ზოგჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა!” გულს ამაოდ ევედრებოდა, აიტანეო, არ უსმენდა, ეურჩებოდა.
"წევს, იტყვის: "გულსა სალხინო რამცაღა დავუსახეო?
მოგშორდი, ედემს ნაზარდო ტანო ლერწამო და ხეო,
შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ-მჭვრეტთა სავაგლახეო,
ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, ნეტამცა სიზმრად გნახეო!"
მოთქმა-ტირილით ამას შეჰღაღადებდა სატრფოს. მერე კვლავ შეეცადა დაწყნარებულიყო. გულს უთხრა: მოთმენაო "ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა, არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოვუგვაროთა?” ღვთისაგან თუ ლხინი გვინდა, ჭირიც ავიტანოთო!
იცოდე, გულო, სიკვდილს რაოდენ მოწადინებულიც ვიყოთ, სჯობია, სიცოცხლის გასაძლებად თავი გამოვიდოთ, ოღონდ დამალე, ვერავინ შეგატყოს, რა ცეცხლიც გიკიდია, მიჯნურს ხომ მიჯნურობის გამჟღავნება "ავად შეჰფერობს”, არ შეშვენისო!
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ვეფხისტყაოსანი / შინაარსი |