კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 25 ნოემბერი 2024 01:05

არაბეთში მეფობდა როსტევანი, სვებედნიერი და დიდებული ხელმწიფე, ბრძენი და ენამჭევრი, თავმდაბალი და გულმოწყალე, უხვი და სამართლიანი განმგებელი. უთვალავი ლაშქრის პატრონი იყო, თავად ხომ სწორუპოვარი მეომრის სახელი მოეხვეჭა.

ვაჟი არ ჰყავდა მეფეს, ერთადერთი ასული ესვა, უებრო თინათინი. რა გაიზარდა, გაივსო და გაიბადრა, მშვენებით თვით მზეც დაეჩაგრა, ქვეყნის მანათობელი გამხდარიყო, მისი ქება ისევ ბრძენს შეეძლო, ათასჯერ ათას ენას მოღლიდა.


“სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული,

სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული,

მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,

ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული”


ერთხელ  როსტევანმა  თავისი ვეზირები  მოიხმო,  გვერდით მოისხა და წყნარი,ალერსიანი ბაასი გაუბა. თქვენი რჩევა მჭირდება, ერთად უნდა მოვისაუბროთო, ბრძანა. ვარდი რომ დაიყვავილებს და დაჭკნება, ტურფა ბაღნარში მაგიერი სხვა იფურჩქნება და ჰყვავისო:


„რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,

იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა“.


ჩემი დრო წავიდა, - შესჩივლა მათ როსტევანმა, სიბერემ დამრია ხელი, ყოველ ჭირხე უფრო ძნელმა სიბერემ, დღეს თუ ხვალ მოვკვდები. რა გაეწყობა, ასეთია წესი წუთისოფლისა. ჩაესვენა  ჩემი მზე  და ახლა უმთვარო ღამეს შევსცქერი. რაღა ფასი აქვს იმ ნათელს, ბნელი რომ მოსდევს?! რამე უნდა ვიღონოთ, მოდით, ჩემი მემკვიდრე დავსვათ ხელმწიფედ, ჩემი მზის უმჯობესი  ასული!

- მეფეო, რა სათქმელია თქვენი დაბერება? მაგას ნუ ბრძანებთ, ვარდი ჯერ არ დაგჭნობიათ - მოწიწებით მოახსენეს ვეზირებმა, - კიდევაც რომ დაჭკნეს სურნელებითა და ფერთა სიტურფით ვარდი ხომ მაინც ყველა სხვა ყვავილს აღემატება?! ამიტომ გვმართებს, კვლავ მას დავსჯერდეთ, ან არადა, მილეულ მთვარეს ვარსკვლავმა როგორ უნდა შეჰბედოს შეცილება?!

თქვენი რჩევა, ხელმწიფეო, თუნდ ავი ყოფილიყო, მაშინაც სხვისას კარგს აჯობებდა. მით უფრო უნდა შესრულდეს თქვენი ეს კეთილი სურვილი: ტახტი მას უბოძეთ, ვისაც თვით მზეც დაუჩრდილავს.

პირფერობით არ გეუბნებით, შეიშვენებს მეფობას, ეს უთქვენოდაც მრავალგზის გვითქვამს. მსგავსად მისი შუქმოსილი სილამაზისა, მისი საქმეც ნათელია და ბრწყინვალე. თინათინი თუმცა ქალია, მაგრამ ნამდვილად ხელმწიფედ არის დაბადებული. ლომის ლეკვები, ძუცა და ხვადიც, ხომ თანასწორი არიან: „ლეკვი ლომასა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“.

როსტევანის სარდალი ავთანდილი ძე იყო არაბეთის მხედართმთავრისა:


“საროსა მჯობნი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა

ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა.

მას თინათინის შვენება ჰკლავდის წამწამთა ჯარისა.

გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად,

რა მოჰშორდის, ვერ-მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად,

ნახის, ცეცხლი გაუახლდეს, წყლული გახდის უფრო წყლულად.”


ასე შესაბრალისია სიყვარულით გულმოკლული ადამიანი! როსტევანმა რომ თავისი ასულის გამეფება ბრძანა, ავთანდილს ეს დიდად ეამა, ჭმუნვის ალი გაუნელდა, დაუცხრა: ხშირ–ხშირად მომიხდებაო ნახვა თინათინისა, მისი ბროლფიქალის ჭვრეტით დატკბობა, და იქნებ ეს ეწამლოს ჩემს ფერწასულობას, ჩამომაშოროს კაეშანიო, ფიქრობდა ჭაბუკი.

არაბთა დიდმა მბრძანებელმა მთელ სამეფოს აუწყა: ჩემი ასული ხელმწიფედ დავსვი, ვისი შუქიც ყველას მზისაებრ უნათებს, მოდით და ქება შეასხით, დიდებით შეამკეთო. მთელმა არაბეთმა მოიყარა თავი. რიცხვმრავლობდა დიდებულთა ჯარი. მოსულიყო პირმზე აბთანდილი, უთვალავი ლაშქრის სარდალი, მოსულიყო ვეზირი სოგრატიც, მეფის ურჩეულესი მხლებელთაგანი.

ისეთი სამეფო ტახტი დაედგათ, ფასი არ დაედებოდა, პირნათელი სახეგაბადრული თინათინი მამამ მიიყვანა, ტახტზე დასვა და საკუთარი ხელით დაადგა თავს გვირგვინი, სკიპტრა მისცა და მეფის სამოსით შემოსა.

თინათინის მადლიანი და ბრძნული მზერა ყველას მზის სხივად ეფრქვეოდა. ხელმწიფემ და მისმა მხედრობამ უკან დაიწიეს, თაყვანი სცეს და მეფედ აკურთხეს. სხვებმაც აღარ დაახანეს და ქება–დიდება შეასხეს. ტკბილად აჟღერდა ბუკ–წინწილათა ხმა. ზეიმი გაჩაღდა. 

თინათინს ტირილი მოერია, ცრემლს აფრქვევდა, ყორნის ფრთასა და ბოლოსავით შავ წამწამებს მორცხვად დაბლა ხრიდა. თავი იმას ღირსად არ მიეჩნია, რომ მამის ტახტზე მჯდარიყო. ამაზედ ტიროდა და ცრემლით რწყავდა ვარდის ბროლივით აყვავებულ ღაწვებს. როსტევანი არიგებდა და ამხნევებდა:

- ყოველ მამას ხომ შვილი რჩება მემკვიდრედ და ნუგეშად. რა მომასვენებდა, სანამ ჩემს ტახტს შენ გადმოგილოცავდი, უამოსოდ გულს რა დამიამებდა, მწველ ცეცხლს რა ჩამიქრობდა?! ნუ ტირი, ასულო ჩემო, და გამიგონე, რასაც გეტყვი! დღეს არაბეთში მეფე შენა ხარ, ამიერიდან ეს სამეფო შენთვის მომინდვია.

საქმეს ბრძნულად გაუძეხ, თავმდაბალი და გონიერი იყავ! მზე თანაბრად ჰფენს სხივებს სურნელოვან ვარდსაც და მყრალ ბალახსაც, ასევე შენც ნუ მოგწყინდება. ნურც დიდებულთა და ნურც მდაბიოთა წყალობა.

გახსოვდეს, უხვი ურჩს დაიმორჩილებს, თავაწყვეტილს დააბამს, თანაც ძალდაუტანებლად. მისივე ნება–სურვილით. საბოძვარის უხვად გამცემი იყავ და არც შენ მოგაკლდება: ზღვებსაც ხომ კიდეც  ერთვის შენაკადები და კიდეც  გაედინება ხილმე.


„მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია

უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა ვინ ორგულია.

სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!

რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია!“


მამის დარიგებას ხალისით ისმენდა და ბრძნულად ეწაფებოდა თინათინი, ვისაც მშვენებით, შუქბრწყინვალებით მზეც დაეჩრდილა. მზე თვითონ ცდილობდა მისებრი ყოფილიყო, თინათინის ჩაცმულობა: „თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინობდა“.

როსტევანს ნადიმი გაემართა, სვამდა და მღეროდა, დიდად მოილხენდა. თინათინმა თავისი ერთგული გამზრდელი იხმო და უბრძანა: მომართვი მთელი ჩემი საუფლისწულო განძეულობა, შენ რომ დაბეჭდილი და შენახული გაქვსო, გახსენი ჩემი საუნჯე და ყველაფერი აქ მომიტანეთ, ნურავინ დამალავს, რაც რამ შიგ დევსო, მეჯინიბეთუხუცესმაც ცხენის ჯოგი მოასხასო.

მოართვეს და „გასცა უზომო,  უანგარიშო, ულევი“.  რაც კი ყმაწვილქალობაში სიმდიდრე მოგროვებოდა, სულ იმ დღეს დაარიგა. ქალი თუ კაცი, მდაბიონი თუ დიდებულნი - ერთობ საბოძვარით აავსო,  „ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა“. მოლაშქრენი მიუშვა და განძეულობას ავაზაკებივით იტაცებდნენ, უებრო არაბულ ტაიჭებსაც დაერივნენ და მიჰყავდათ, როგორც ომში ნაშოვნი ნადავლი.

მეორე დღესაც როსტევანს უამრავი ხალხი მოეწვია ნადიმად, სვამდნენ, ჭამდნენ, ხილს შეექცეოდნენ. სუფრის თავს იჯდა პირიმზე ავთანდილი, „მჭვრეტთაგან მოსანდომია, სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხვი და ლომია“.

ჭაბუკ სარდალს მოხუცი ვეზირი სოგრატი უმშვენებდა მხარს. დიდი მხიარულება იყო. ანაზდად ხელმწიფემ მოიწყინა, ფერიც გაუკრთა. მონადიმენი ჩურჩულით ერთმანეთს შესჩიოდნენ: ნეტავ, რა დაემართა მეფეს, უწინდელი წყენა ან ცუდი რამ თუ მოაგონდა, თორემ მისი დასაღონებელი აქ არაფერი მომხდარაო.

ავთანდილმა სოგრატს შესთავაზა: ვკითხოთ, მისი უნებური ვის რა გვიქნიაო, თანაც გავეხუმროთ, იქნებ გუნებაზედ მოვიდეს, მგონია, არ გაგვაწბილოსო. აღარ დაუხანებიათ, მყისვე წამოიმართნენ „ტანითა მით კენარითა”, თითომ თითო ჭიქა აივსო. როსტევანს მოწიწებით მიუახლოვდნენ პირმომცინარენი და მუხლი მოუყარეს. ვეზირმა ლაღად და ენაწყლიანად შეჰკადრა:


„დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო,

მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო,

ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო.

ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?”


რა ეს მოისმინა, როსტევანს თუმცა გაუკვირდა, როგორ გამიბედაო, მაინც გაუღიმა და დაუმადლა, კარგი ჰქენ, რომ მითხარიო, წყალობასაც დაჰპირდა.

არა, ეგ არ მიმძიმს, - დასძინა მან, - ტყუის და ყბედობს, ვინც სიძუნწესა მწამებს! მე ის მაღონებს, დავბერდი და ერთადერთი ასული მყავს ნასათუთევი, ღმერთმა ძე არ მიბოძა, რომ მშვილდოსან-მოასპარეზედ დამგვანებოდა. ცოტათი ისევ ავთანდილი თუ მომედრება „ჩემგანვე ნაზარდობითა“, ამოდენა საბრძანებელში სხვა არავინ არის, „რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია“.

ავთანდილი მშვიდად და მოკრძალებით უსმენდა მეფეს, ბოლოს თავი დახარა და გაიღიმა. ღიმილმა ერთობ დაამშვენა, მისი თეთრი კბილებიდან გამომკრთალი ელვა ველ–მინდორს მოეფინა. რას იცინი, მითხარ, ჩემი ნუ გერიდება, რა არ მოგეწონა, დასაგმობი რა მითქვამსო, ჰკითხა მეფემ. მოგახსენებო, მოწიწებით უთხრა ჭაბუკმა, ოღონდ პირობა მიბოძე: რასაც გეტყვი, კადნიერად ნუ ჩამომართმევ, არ გამირისხდე და არ ამიკლოო. როსტევანმა თინათინის მზე დაიფიცა, რომ შენგან საწყენის თქმასაც არ ვიწყენ, არ გაგიწყრებიო.

მაშინ ავთანდილმაც შეჰკადრა, თავისი სათქმელი:

- ნუ იკვეხნით მშვილდოსნობას, ნაკლები მშვილდოსანი არც თქვენი ფერხთა მტვერი ავთანდილი გახლავთ. ამაოდ გიბრძანებიათ, მოასპარეზედ არავინ მგავსო, ამას ბურთი და მოედანი გამოაჩენს. სანაძლეო დავდოთ, მოწმედ თქვენივე მოყმენი წავიყვანოთ.

- იცოდე, არ შეგარჩენ მაგ შეცილებას, - უთხრა ხელმწიფემ. - რახან თქვი, წავიდეთ და ვისროლოთ, მოწმედ კარგი მოყმენი ვიახლოთ, „მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისმი უთხრობდენ ქებასა!“

დათქმული პირობით კმაყოფილნი ლაღობდნენ, იცინოდნან, დროს ტკბილად ატარებდნენ. სანაძლეოც დადეს: ვინც უარესი მშვილდოსანი იყოს, სამ დღეს თავშიშველი დადიოდესო.

მერე როსტევანმა მონადირეებს უბრძანა, ნადირთა ჯოგი მინდვრად მოასხით და აღარსად გაუშვათო. ლაშქარს გამოუცხადეს, სახვალიოდ მზის ამოსვლისას მოდით, ერთად მოგროვდითო. ნადიმი დაიშალა, ყველანი წავიდ–წამოვიდნენ, ნაამებნი და გახარებულნი.

 

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ