ლომს ნადირთა მეფეს ეძახიან. ერთი შეხედვაც კი კაცს დაარწმუნებს, რომ მეფის სახელი ტყუილად არ დაურქმევიათ. გარეგნობითა და გაბედულებით ლომს ვერც ერთი ნადირი ვერ შეედრება.
სილამაზე, სიძლიერე, სხეულის კარგი მოყვანილობა და განიერი მკერდი ლომს მშვენიერ სანახავ მხეცად ხდის. საოცარია მისი ღირსებით სავსე მიხვრა-მოხვრა, მისი საშინელი ღონე, დიდი სიმამაცე.
ლომი ამაყია, თანაც სულგრძელი და კეთილი თვისებების მქონე. ის მხოლოდ მაშინ მტაცებლობს, როდესაც მშიერია; მხოლოდ მაშინ იბრძვის, როდესაც თავის საკადრისსა და დაუნდობელ მტერს შეხვდება.
ლომი უმიზეზოდ არავის დაჩაგვრას არ მოინდომებს. მისი თვალები ბნელ ღამეში ცეცხლივით ელვარებს. მისი კბილები ალმასივითაა. გრძელი ფაფარი თავსა და ბეჭებზე ლომს სქლად აყრია და დიდებულ სახეს აძლევს. გრძელი და წვეტიანი ბრჭყალები კატასავით თითებში აქვს დამალული და, როცა დადის, ბრჭყალების წვერებს დედამიწას არ აკარებს. მისი ბრჭყალები ძალიან წვეტიანია. კუდი გრძელი და ღონიერი აქვს და მისი ბოლო ხარის კუდსა ჰგავს.
ლომი კატის ჯიშისა არის და ცხელ ქვეყნებში ცხოვრობს. მარტო ცხოვრება ძალიან უყვარს. როცა ის ბრდღვინავს, მთელი ტყე ხმას აძლევს, თითქოს ქუხსო. არაბები მის ხმას რომ გაიგონებენ, იტყვიან ხოლმე: "ლომს ქუხილი გააქვსო".
ლომს საცხოვრებლად მოსწონს დაბურული, ტყიანი, წყლის ახლოს მდებარე ადგილები. მთიან ადგილას ცხოვრება მაინცდამაინც არ უყვარს. თუ ლომმა იპოვა ძალიან მივარდნილი ადგილი, სადაც კაცის ფეხი არ დადგმულა, იქ კარგა ხანს დაბინავდება და მარტო ცხოვრობს. ის იკვებება სხვადასხვა ცხოველის ხორცით. როდესაც ერთ ადგილას საჭმელი შემოაკლდება, მაშინ საცხოვრებელს იცვლის, სხვაგან გადადის.
ლომი მხოლოდ ღამე ნადირობს. როცა თენდება, ბუჩქნარში იმალება და მთელი დღე ისვენებს, სძინავს... მაგრამ როგორც კი მზე ჩავა და ცაზე ვარსკვლავები გამოჩნდებიან, ლომი სანადიროდ გამოდის და თავისი ღრიალით ყველას აცნობებს, აღარა მძინავსო. მაშინ ყველა ცხოველი, მისი საშინელი ხმის გამგონე, კანკალებს, ჩუმდება და იმალება, მაგრამ მის გამჭრიახ თვალებს რა გამოეპარება ან ვინ გაექცევა მის წვეტიანსა და ბასრ ბრჭყალებს!
ლომი ბევრ შინაურ ცხოველზე ნადირობს. ცხვარი, ძროხა, თხა, ცხენი და აქლემი ლომის საყვარელი საჭმელია.
აი, დაღამდა... არაბმა თავისი საქონელი შერეკა ბაკში, რომელსაც მაღალი ღობე აქვს შემორტყმული. ლომი, შიმშილისაგან გამგელებული, აქეთ-იქით დადის. მიუახლოვდა ბაკს და ღობეზე გადახტა.
საქონელი დაფრთხა და საცოდავი ბღავილი დაიწყო, თითქოს ლომს შებრალებას ეხვეწებიანო. შეშინებული ძაღლები თავის პატრონთან მიცვივდნენ და ყეფის მაგივრად საცოდავი წკმუტუნი დაიწყეს. საწყალი მწყემსიც შეშინებულია და იმალება. ან კი რა უნდა ქნას? ლომს როგორ მოერევა? მწყემსს შუბი აქვს, მაგრამ ლომს შუბზე უფრო მჭრელი კბილები აქვს: შუბის მოქნევას არც კი დააცდის, უცებ მივარდება და მოკლავს... მწყემსი იმალება, რომ თავისი თავი მაინც გადაარჩინოს, თუ საქონელს ვერაფრით უშველის.
ლომი თანდათან საქონელს მიუახლოვდება, აირჩევს რომელიმე ცხოველს, თავს დაესხმება და ერთ წამში მოკლავს; მერე თავის ბასრ კბილებს ჩაარჭობს და ღობის იქით გადააგდებს, ბოლოს თვითონაც ბაკიდან უკანვე გადახტება, დაავლებს პირს თავის მსხვერპლს და ბუნაგში მიაქვს ისე ადვილად, თითქოს პატარა ჩიტიაო.
ლომმა შინაური ცხოველის დაგლეჯა არ იცის. ტყუილად საქონლის დასახიჩრებას ლომი არ კადრულობს.
ლომი გარეულ ცხოველებზე სხვანაირად ნადირობს: ნადირის დაჭერა ისეთი ადვილი არ არის, როგორც შინაური საქონლისა: ზოგი ნადირი შორს ხედავს; ზოგი კი ისეთი სწრაფია, რომ ლომი ვერ ეწევა. ამ შემთხვევაში ლომი კარგი მონადირესავით იქცევა: იგი მოძებნის ხოლმე წყლის ახლოს მოხერხებულ ადგილს, ბუჩქებში უსაფრდება და ნადირს უთვალთვალებს.
აი, დაღამდა და ცაზე ვარსკვლავები გამოჩნდა. უცებ სიბნელეში გამოჩნდა მშვენიერი ირემი. მას უკან სხვა ირმებიც მოსდევენ. ირმის ყურს არ გამოეპარება ფოთლის შრიალიც კი და, თუ რამე საეჭვო დაინახა, სწრაფად ბრუნდება უკან და ისარივით მიქრის.
ირმები მდინარეს მიუახლოვდნენ და წყალს სმა დაუწყეს. ამ დროს ბუჩქიდან ლომი უცებ გადმოხტა და ერთ ირემს სწრაფად ზედ დაახტა. სხვა ირმები გაიფანტნენ, მაგრამ ერთი კი ბრჭყალებში ჩაიგდო და ლომს მეტი არც უნდოდა...
ძალიან გამბედავი მონადირე უნდა იყოს, რომ ლომზე ინადიროს. მონადირე იშვიათად გაბედავს ლომთან პირისპირ შებრძოლებას და, თუ მაინც გაბედა და მოკლა კიდეც - მაშინ სახელი შორს გაუვარდება და ხალხიც გმირს დაუძახებს.
ბევრ მონადირეს უნდა, რომ ხალხში ლომის მძლევლის სახელი გაიგდოს, მაგრამ ამ სურვილის შესრულება ადვილი არ არის...
ზოგჯერ ისე ხდება, რომ ერთი ლომი გააქცევს ხოლმე ასზე მეტს არაბს. ლომმა ბრძოლიდან გაქცევა არ იცის. იგი ან კვდება მტრის ხელით, ან გამარჯვებული გამოდის ბრძოლიდან. ერთხელ ერთმა ლომმა ორასი კარგად შეიარაღებული არაბი გააქცია, ერთი კაცი მოკლა და ექვსი დაგლიჯა.
გაზაფხულზე, როცა ლომის ბოკვერების დაყრის დრო მოვა, მოშორებით, წყლის ახლოს მოძებნის რამე ადგილს და იქ ბინავდება, აქ დაყრის სამ ან ოთხ ბოკვერს, რომელთაც მაშინვე თვალები ახელილი აქვთ. ექვს ბოკვერზე მეტი კი ლომს არასოდეს არ ეყოლება.
ახლად დაბადებული ბოკვრები კატის ტოლები არიან. ხვადი ლომი ძუ ლომს საჭმლის შოვნაში ეხმარება. ძუ ლომს ძალიან უყვარს თავისი პატარა ბოკვრები და სიამოვნებით უყურებს მათ ცელქობას.
ორი თვის შემდეგ ლეკვები სიარულს იწყებენ. პირველად კატის კნუტივით კნავიან, მერე თანდათან ხმა ეცვლებათ, უბოხდებათ და სიმარდეც ემატებათ. დედა ზრდის ექვს თვეს, მერე ლეკვები მას უკან გაჰყვებიან სანადიროდ და საჭმლის საშოვრად.
ლომის ლეკვს ბოკვერსაც უწოდებენ...
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • იაკობ გოგებაშვილი/საბავშვო მოთხრობები |