კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 15:04

 

 

 

მუშებს მოჰქონდათ სილა და კირი

და ახალ სახლის საძირკველს ჭრიდნენ.

და ოცნებაში გაჰყავდათ კვირა

მომავალ სახლის მომავალ მკვიდრებს.

დრო გადიოდა და ზამთრის პირზე

ტყე შიშვლდებოდა უხმოდ და უცებ,

მერე ამაყად ყვაოდა ისევ

და იმაგრებდა ფესვებს და ყუნწებს.

დრო გადიოდა და ბარბაცებდა

და შეჩვეულნი დროსა და რეჟიმს,

მიიმღეროდნენ ჯარისკაცები

წვიმაში, ქარში, თოვლში და მზეში.

მე კი ნელ-ნელა ვფურცლავდი გაზეთს

და ვოცნებობდი, როდის გნახავდი.

დრო გადიოდა და მტვრიან გზაზე

ქარს გაჰქონდა თეთრი ქაღალდი.

და სადგურები ისევ კიოდნენ

და ნათდებოდნენ ბნელში ფანჯრები…

დრო კი ბრაზობდა და გადიოდა

მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ვამჩნევდი.

მე კვლავ ხელებში ვმალავდი სახეს

და ვუყურებდი სადგურის ძახილს

და მიჰყვებოდა უჩინარ არხებს

ათასნაირად დაღლილი ხალხი.

მე ვიყავ მარტო და არ მინდოდა

ან არ შემეძლო, რომ ავყოლოდი

და შევჩვეოდი ცვალებად ამინდს

და შევრჩენოდი ხელში ბოლომდის.

მაგრამ როდისმე, ადრე თუ გვიან,

თვითონვე უნდა ჩამეხშო შიში

სივრცის და ლტოლვის… ადრე თუ გვიან,

ან სამუდამოდ მეცხოვრა ჩრდილში.

და ვგრძნობდი, როგორ მეძახდა გარეთ

ყველა ფოთოლი და ყველა წვეთი,

ყველა უბრალო ნაბიჯი მთვარის,

ყველა გამვლელის სახე და ბედი…

იმასაც ვგრძნობდი, რომ ჩემი სულიც

განიბნეოდა ამ კედლებს შორის

და შეყვარებულ ბიჭივით სულელს,

გაიტაცებდა სადგურის ბოლი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ოთარ ჭილაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ