ბინდი, ორღობე, ომბალოს სუნი, საღამო, - სხივი ციალს რომ იწყებს, ცა ბროწეულისფრად გასისხლული - ვერ იქნა, დღემდე ვერ დავივიწყე! უნდა წავიდე ამ გაზაფხულზე ის ნახაყდრალი... ის ძველი ციხე... მე ისევ მახსოვს და ისევ ვუმზერ... ჩავალ ვენახში ფიქრით მოღლილი... იქ ხომ ღიმილით ბებერ ატმის ხეს ჰგავს დედაჩემი წელში მოხრილი... ალბათ უჩემოდ რამდენჯერ გასხლეს.. წავალ, ჩემს ტოლებს გავეძრახები და ფილთა თოფის ჩახმახებს დავსხლეტ... და შემოვირბენ ჩვენს ძველ დობილოს, იის წყალით და აყალო მიწით რომ ისევ ნედლი ლექსი მოვზილო!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა ფორჩხიძის პოეზია |