დიდ მინდორზე პეპლები ფრენენ... სიო არხევს მინდვრის ყვავილებს... ფრენენ პეპლები. მზის ამოსვლამდე ყვავილებად იდგნენ თვითონაც, მაგრამ ისურვეს ცაში გაფრენა, შეირხნენ უცებ, შეიფრთხიალეს, პეპლებად იქცნენ და აფარფატდნენ... რაღას ელიან? რატომ ზეცისკენ არ მიფრინავენ? ყვავილიდან ყვავილამდე ფრენენ და ფრენენ. წამოგვყევითო, თავიანთ დებს ევედრებიან, ჩასჩურჩულენ ცის სილურჯეზე საოცარ ამბებს... მაგრამ მიწის დატოვება ყვავილებს არ სურთ. გარინდული უსმენენ ჩურჩულს, მოსწონთ მხოლოდ ჩურჩულის სიტკბო. და ნეტარებით იღიმებიან... მზე მიდის ცაზე. დაღლა დაეტყო პეპლების ფრენას, ყვავილობიდან გამოყოლილი ნამის წვეთები შეაშრათ ფრთებზე, მაგრამ კვლავაც ყვავილიდან ყვავილამდე ფრენენ ჯიუტად, ფრენენ და ფრენენ... მოვა საღამო და მინდორზე დაწვება ბინდი. მინდვრის თავზე დიდ ლურჯ ქოლგას დაჰკეცავს ვიღაც და შორეთში ფრთხილად წაიღებს... პეპლები ერთხანს კვლავ ფარფატებენ, მერე ფრთები ეყინებათ ცისფერი სევდით და მთვლემარე ყვავილთა ძირში იფერფლებიან... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა |