ხის გული გაქვს, ქვის ჯიგარი და ტვინი აგურისა, დამიმონე, ყმა გამხადე შენი სიყვარულისა. კარი სიხარულისა, დამავიწყე ღმერთი, რჯული, რწმენა სამსახურისა. პირჯვარს ვიწერ, გადიდებ, შენსა ნახვას ველოდები, შენ კი პირსა მარიდებ. ჩემსა ცოდვას რად იდებ, ცეცხლის ალზედ მატრიალებ, ამ წამებით რას იგებ? მარტო ჭამა-სმისთვისა? სიყვარული თუ არ იცი, ცოცხალი ხარ რისთვისა? გასახარად სხვისთვისა, საყნოსველად, სალოცავად მგოსან ბულბულისთვისა. შავი მიწა გელისა, ბოლოს უნდა კერძი გახდე მატლი, ჭიანჭველისა. საჭმლად ხვლიკი, გველისა, ერთხელ ღირსი არ გამხადე შენი ტკბილი ენისა. შენი რწმენის ბერი ვარ, რა დღიდანაც გაგიცანი, ჩემი თავის მტერი ვარ. მარტო შენთვის ვმღერივარ, იეთიმ გურჯი შენ მოჰკალი, ცოცხლივ მკვდრებში ვწერივარ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია |