კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 17:53

 

 

 

სარკმელთან ქარი იცინის ცივად,

მზემ ოთახიდან შუქი გაზიდა.

სულისშემძვრელი სიმშვიდე ცვივა

ხეების დახრილ სილამაზიდან.

შენ ისევ ჩემი მზერისგან შეცბი,

იფარებ ხელებს შიშველ მუხლებზე,

ზიხარ სარკმელთან და თმიდან ვერცხლი

გეყრება მხრების სიმსუბუქეზე.

რა უცნაურმა შეგიპყრო სუსხმა,

ახლა რომ ყინვით გივსებს იარებს...

შენს ფერმკრთალ ყვავილს წყალს არვინ უსხამს

და სულს არავინ არ გინიავებს...

აწვალებ ბეჭედს, უცნაურთვლიანს

და ელოდები სასჯელს უვადოს...

შენი ნერვების შეუწყვეტ შრიალს,

კვლავ სხვებმა უნდა მიაყურადონ...

როგორ დაღლილხარ ტკივილის თმენით,

როგორ გემღვრევა თვალის გუგები...

ჩუმად ხარ, მაგრამ სხეულის ენით

მაინც გულღიად მესაუბრები:

რომ ახლა ბედსაც შესაწირს სწირავ, -

მაგრამ ეს მსხვერპლი არის საჭირო?!.

იქნებ შევძლოთ და სიკვდილის პირას

მყოფი იმედი გადავარჩინოთ...

ღამდება. ქარი ფრთას ახლის მინას...

ისევ ღრმავდება სულში სამსჭვალი

და ბნელში ცრემლის ის წვეთი ბრწყინავს,

რომლის დამალვაც ვერ მოასწარი.

თითქოს ვიღაც დგას მიხურულ კართან

და ეღვენთება ხელში სანთელი...

მე კი მიყვარხარ და ამის გარდა

სხვა არაფერი დამრჩა სათქმელი!..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ედუარდ უგულავა  • • •   ედუარდ უგულავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ