კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 18:11

 

 

 

ამისთვის არვინ გეტყვის მადლობას,

ხელწერა შენი მწარედ გეცნობა -

ჩემი სიცოცხლე... ჩემი დანდობა...

შენი ყველაზე დიდი შეცდომა...

ჩემს დილეგს ბნელი ება კარებად

და მხრებზე წლები მასხდნენ ყორნებად,

მაგრამ რა ჯაჭვი დამაკავებდა,

ან რა ჯურღმული ჩამიყოლებდა?!

ისე დაიწყო სისხლმა ხურვება,

ფრთა დაეღუნა წყევლას ასწლიანს.

ეს მაშინ, როცა შენმა სურნელმა

ამ ქვესკნელშიაც ჩამოაღწია.

ვერ გავექეცი თვალებს ვნებიანს,

იქ, სადაც უკან სამი წერტილის,

ლაჟვარდის უცხო ხეივნებია,

სილურჯეებში გადაწყვეტილი.

ისე რთულია ბედს არ მიენდო,

როცა უეცარ ცოდვის კურნებად,

ყველაზე მტკიცე და საიმედო,

არსებობს გულთა ხელშეკრულება.

და უშენობა როგორ მეკმარა,

როცა ისედაც არსად მელიან...

სისხლისფერია ცა და ქვეყანა,

შენი სხეულიც სისხლისფერია.

წითელი მთვარე ადგას მონასტრებს

და გამომძვრალი კაცის კანიდან,

ღრძილაქავებულ ყბებით მოგათრევ,

შეჩვეულ მკლავის სიმხურვალიდან.

სიკვდილი ყველა მხრიდან მოღოღავს,

ღამე სურვილებს ისხამს ცოდვებად.

გარკვევით ვხედავ წითელ ობობას -

მსხვერპლს რა სიდინჯით უახლოვდება.

ცოტაც და შენი სულიც იკივლებს,

რომელშიც შიში რჩება მეტწილი

და ისე გითრთის მკერდის სიმკვრივე,

ბასრი ეშვებით გადაღეჭილი,

უკვე ამ ლოგინს ვერასდროს აშლი,

ვერ გადახვეწავ ვნებას სხვა მხარეს...

შენ მაშინ შეცდი, როცა კეფაში

ვერცხლის ტყვიები არ დამახალე!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ედუარდ უგულავა  • • •   ედუარდ უგულავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ