ვუძღვნი საბატონო ყმების ახალშობილ შვილებს
გაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინაო! აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო? დედის მკერდში მიგიგნია შენ ტკბილი ბინაო... დაიძინე, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!.. ძუძუებში ჩაგივლია პაწაწა ხელიო! შენს ვაჟკაცობას მომასწრებს მე ღვთისმშობელიო! მამაშენის ბედის არ ხარ, შენ სხვა ბედს ელიო: შენი ვარსკვლავი სხვა არის - ბედმა გიცინაო! იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო! შენც მის ნაცვლად ემსახურე, ნურას იზამ ავსო, დედას თმას ნუ მაწეწინებ, ნუ ჩამაცმევ შავსო! სხვებ რა გიჭირს: ხომ შეიტყვე, ბატონი არ გყავსო! რისთვის შეკრთი? მართალია! რამ შეგაშინაო?! იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!.. ბატონი ვერ შეგაწუხებს, ვერც გაგტეხს ვალიო; შენს მტერსა და მოშურნესა დაუდგეს თვალიო; ჭირისა და ავ თვალისგან გიხსნის უფალიო! ხომ გიამა, გენაცვალე! მან გაგაცინაო? იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო! აბა, შენ იცი, ბიჭოჯან, როგორ ეცდებიო; ძველ ბატონის შვილს სწავლაში ნუ ჩამორჩებიო, გლეხსა ნიჭი არა აქვსო, არ აფიქრებიო!.. შენი დაჩაგრული ძმები შენ უნდა იხსნაო, იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო! ჩვენს საქმეზე როცა მივალთ, გვერტყვიან: „ხვალეო“, და, ჩვენ როცა დაგვსაქმებენ, მაშინ კი - „მალეო!“ ამას შენ ვეღარ გეტყვიან, შენ გენაცვალეო, რომ ვეღარ დაგიბრიყვებენ, თუ რო თავი სცნაო! იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო! დღეს ხომ კარგად გაიგონე ჩემი ნანინაო? და, თუ კარგად გაიგონე, ხომ მოგეწონაო? მაშ, ნუ გძინავს! გაიღვიძე! იცან ქვეყანაო! შენც შეიტყვე ამა სოფლის ცრუ გამოცანაო! იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |