ჩამირბინეს ჭყივილით - გარეულმა ტახებმა ჩამიფრინეს შხივილით - წუთისოფლის ბაღებმა. ჩამიქროლეს მკვლელებმა - ყელხატულა მელებმა, ჩამიქროლეს დღეებმა - ფოთლებივით ჭრელებმა. სისხლი დამდის წურწურით - მთიდან ბარად მყვირლებმა, ფშვენით, რქენით, ძუნძულით - ჩამირბინეს ირმებმა... ვაიმე, დედავ, ვთავდები! ვაიმე, დედი, გშორდები! რანაირად ღამდება სააქაოს კორდები! რანაირად მომხედეს ანგელოზმა ფურებმა!.. ღმერთო, შენ არ გეწყინოს ჩემგან შენი მდურება - ას წელიწადს მინდოდა! ას წელიწადს მინდოდა! და ათასსაც მინდოდა შენი ხელით შექმნილი წუთისოფლის ყურება! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |