კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 17:44

 

 

 

არდავიწყების

მწვანე კონცხთან ამოდის გემი

ზღვის უფსკრულიდან;

მისცემიან გემბანზე ფიქრებს.

მიცვალებულებს -

ალამაზებს ოცნება ჩემი -

ბევრი მათგანი

ქუდს მიხდის და

ცხვირსახოცს მიქნევს.

აკაკი მოკვდა,

მოკვდა ვაჟაც, ილია მოჰკლეს,

გალაკტიონმა,

ვიცით, თვითონ გაშალა ფრთები.

ფასშეუვალი

და მწუხარე ხომალდი მოჰქრის,

მოჰქრის ხომალდი

დახუნძლული

ძვირფასი მკვდრებით.

ხოლო ცოცხლები

ჩემს ნაპირზე, ჩემს გვერდით დგანან;

მგონია, ვდგავარ

ერთდროულად ძმებთან და მტრებთან;

ხელს ვართმევ ცოცხლებს,

მაგრამ მკვდრები სხვა ნისლში ჩანან

და კარგად ვიცი,

რომ საერთო მეტი მაქვს მკვდრებთან.

წინ! ასწი თასი!

მოაშურე ჩვენს მსუბუქ ხომალდს! -

ვიღაც, დიდი და

იდუმალი, გაფრენას მირჩევს...

და გალურსული

ჩემი სული სიფრთხილით ზომავს

გასაფრენ მანძილს,

და საფრენად უძნელეს სივცეს.

ხომ არ დაბერდა,

ხომ არ გაცვდა ჭურჭელი ხორცის,

რომ, რაც დრო გადის,

უხორცობის წყურვილით ვთვრები,

რომ მპირდებიან

სამუდამო ტაძარში ქორწილს

და მეძახიან,

მეძახიან მე ჩემი მკვდრები?!

რა არის წლები,

ეპოქები რა არის ხშირად, -

მოწამებრივი,

ხორციელი ცხოვრების შემდეგ

უსაზღვროების

თუ იქცევი წილად და შვილად

და წარიშლება

შენთვის ზღვარი

და სიტყვა შესდექ!

ჩუ, ეს ვინ გლოვობს?

მწვანე კონცხთან ფრიალებს აფრა -

კრთის და ფრთხიალებს

უთეთრესი ყვავილი ხსოვნის.

იქ არა ერთის

შარავანდი ბრიალებს ლამპრად,

იქ რუსთველია

წინმდგომად და მეუფედ ყოვლის.

იქ, წინაპრებთან,

ჩემი დროს შვილებიც ჩანან.

მკერდბუმბერაზი

ეს ვინ დადგა მამების გვერდით?

ოჰ, რა ღირსებით,

რა ლომური ჭაღარით დგანან

და რა ურყევნი

ერთი მრწამსით და ერთი ხვედრით!

აკაკი მოკვდა,

მოკვდა ვაჟაც, ილიაც მოჰკლეს,

გალაკტიონმა,

ცაში თვითონ გაშალა ფრთები.

ფასშეუვალი

და მწუხარე ხომალდი მოჰქრის,

მოჰქრის ხომალდი

დახუნძლული ძვირფასი მკვდრებით...

მაშ, ასწი თასი!

მოაშურე ჩვენს მსუბუქ ხომალდს! -

ვიღაც, დიდი და

იდუმალი, გაფრენას მირჩევს...

და გალურსული

ჩემი სული სიფრთხილით ზომავს

გასაფრენ მანძილს,

და საფრენად უძნელეს სივრცეს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ