მშვიდობით, ცოლო! მშვიდობით, შვილო! მშვიდობით, სახლო! მშვიდობით, კარო! მშვიდობით, ლხინო! მშვიდობით, ღვინო! მშვიდობით, პურო! მშვიდობით, წყალო!.. ტახტზე წახდა თუ ომში კვდებოდა, - ამას იტყოდა, ვინც ვერ თქვა, მენდე, როგორც "ანს“ და „ბანს“, რომ შესძლებოდა. მაგრამ მოხდება, რაც სხვისთვის მოხდა, და ცელით ხელში, უსიერ ტყეში გაჩნდება იგი პოეტის ქოხთან... მშვიდობით, სახლო! მშვიდობით, კარო! მშვიდობით, ლხინო! მშვიდობით, ღვინო! მშვიდობით, პურო! მშვიდობით, წყალო! სდექ-მეთქი, სანამ არ არის გვიან!.. ვაი, სირცხვილო! ვაი, სირცხვილო! რაც გინდა თქვი და, პოეტი ჰქვია! რას, რას გვიბარებს, ან ვისთვის კვდება?! რას დაუმატებს სიცოცხლეს - რადგან პოეტის ბედი სიკვდილით წყდება!.. და ყურს ცქვეტს მაშინ ღვია და დეკა და შეჩერდება მზე წუთით ცაში და მაღლა ცაში ატყდება რეკა... მშვიდობით, ძმებო! მშვიდობით, მტრებო! მშვიდობით, ჩემო მამაცო ხალხო! მშვიდობით, ჩემო ქორბუდა მთებო! თქვენც, თქვენც მშვიდობით, ჩემო საწყლებო, თქვენ, აწ და მარად ტურფა ქვრივებო - დაქვრივებულო ჩემო ზრახვებო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |