გამთენიისას ზვარეთს მიცვლილა მესტვირე, ძილში გაპარულა, ცას რომ უქნია ციაგი... ჟამსა ცისკრისა შვილებმა მესტვირეს შესტირეს, გაღმა-გამოღმა ქალებმა შექნეს წიაქი. წვიმამ გალესა აყალო, გამოეხეტნენ ცაში ღრუბლის ბალდახინები... ხუთი ღამეა, მთელი სოფელი ყაყანობს, დგანან მესტვირის ვაჟები თავდახრილები. მუხის კუბოში სვენია, ძმათა ცოლები მორიგეობით სტირიან : - ვა, ბეჩა, ვიღამ ჩაბეროს, შე კაცო, ვიღამ დაუკრას შენი დაკრული სტვირია. ცაზე გადმოდგა ციერი, ახალგაჭრილი სამარხი უნდა იხილოს, მისწი-მოსწია ფრთხილად კორტოხზე იელი აყალოს ბელტზე მწვანე ბაყაყი ყიყინობს. სერი-სერ გამწკრივებულა, კუბო ხან მოჩანს, ხან ყვაპეში ჩაიკარგება. მიდის მესტვირე, აპრილი კი გაბრწყინებულა, მალე მაისიც ჩითივით გადაიქარგება... დედა-ბუნება მშობელი, აღორძინდება წყალი, მიწა და ჰაერი, ლხინს ვერ მოიშლის, ჩითებს ჩაიცვამს სოფელი, მესტვირის ნაცვლად კარდაკარ ივლის შაირი... "ვეფხის და მოყმის ბალადა" მიწის მუშების, მეურმეების, მწყემსების, ასე გახდება ხალხური ანუ მარადი ლხინში და ჭირში მისგან ნათქვამი ლექსები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |