კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 18:18

 

 

თამუნია ქავთარაძეს

 

მე ჩემს წიგნს "მახსოვს!" დავაწერე,

რადგან ყველაფერი მახსოვს.

ხსოვნა ღვინოსავით დავაძველე

და მოგონებები მახრჩობს.

ზოგი მოგონება ფრთხიალებს,

ზოგი - დაჭრილივით ბღავის.

ვიხსენებ მაგ თვალებს წყლიანებს,

გიგონებ - უმწეო ყვავილს.

წლები გადის და ხმაურია -

ჩქარია ცხოვრება ჩვენი.

სადა ხარ, სად ხარ, თამუნია,

სად, რომელ ხეობას შვენი?!

ქმარ-შვილი ხომ არ დაგეხვია,

ცხოვრების თონე და ალმური?

ერთხელ დუმილი დაგერღვია,

მახსოვრობის ხე დაგერხია,

შენც, შენც დაგერხია, თამუნი!

ჩიტუნა გამოფრინდა წალმიდან,

დასკუპდა შტოზე და გალობს.

მე შენგან არაფერი არ მინდა,

იხარე, პაწია ქალო!

უხვად საქმეები გაიჩინე,

გაჯერდი ქმარ-შვილის მოვლით,

წარსულით გულს ნუ დაიმძიმებ,

მით უფრო - წყეული ხსოვნით.

მე კი... მიტკალივით თეთრია

ჩემი ღამეების ჯარი,

მე სხვა ვარ, პოეტების ხვედრია,

გვახსოვდეს ცოცხალი და მკვდარი...

ასი მოგონება ფრთხიალებს,

ასი - დაჭრილივით ბღავის,

ასიც - ყვავილივით იალებს

და კუბოს ფიცრამდე ჰყვავის.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ