არ ვთამაშობ, თამაშიდან გავდივარ, ფარ-ხმალს ვაწყობ, ვეფერები ბალახებს, ყრუ ხეობის თავზე ვარ და ცამდე ვარ, უკეთ ვხედავ მახრჩობელა ქალაქებს. სისხლი მწვეთავს, ვკვდები კარგა ხანია; ეს სიკვდილი - ძველისძველისძველია, ეს გაქცევაც - ვიცი, არახალია. გადუქროლეს ჩემსას მთა-ბარს ჭენებით, იყო ჯვარცმა, იყო კვნესა-ვედრება, რკინის დროში ვბრძოდით ლამანჩელები... (გულუბრყვილო ბიჭი მახვილს ლესავდა!), კაცთა შორის ძმობა - ძმობა, ბედნიერება, ხალხთა შორის - სათნოება მეწადა. ის ოცნება - ჟამმა დაასამარა, შავ ჯინჭველად მეხვევიან ფიქრები, სიკვდილის წინ ვრჩები კითხვის ამარა: მძვინვარებდეს, ბრძოდეს, კვნესდეს, ჰგოდებდეს. სატალახო გზებით სრულყოფისაკენ! მაგრამ ჯვარცმა ოჰ, როდემდის, როდემდის! ფარ-ხმალს ვაწყობ, ვკოცნი, ვკოცნი ბალახებს; ყრუ ხეობის თავზე ვარ და ცამდე ვარ, უკეთ ვხედავ მახრჩობელა ქალაქებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |