კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 18:37

 

 

 

საუფროსო საკარცხულში მახვშივით ვზივარ,

გვარად ლებანიძე, სახელით მურმანი ვარ,

აინტერესებთ - რა ვარ და ვინ ვარ,

რამხელა ამბავია - სტუმარი ვარ...

მე შენ გეტყვი და, მდუმარი ვარ,

ან არყის ხვრეპაზე უარი ვარ!

"მარე" - სვანურად კაცს ნიშნავს და

რამხელა ამბავია, თუ მარე ვარ!

ყველას არ ეთქმისო ჩვენს დროში მარე,

არც ზოგთა - მარეებში გვმართებსო გარევა!

მე თქვენ დაგიმტკიცებთ მალე,

რომ უშგულს სამახვშო მარე ვარ!

დილით ვიჭყიპები სგიმით,

მასპინძლის მაჩუბში დავძვრები:

ირხევა ჭუნირის სიმი, -

ხვრინავენ ოჯახის კაცები...

- ადექით, უშგულის დევებო!

ცხენდაცხენ სვიფში გამოვბრძანდეთ.

ნამთვრალევს სროლაში შევებათ,

ცხენსა და თოფში გამომცადეთ!

ლამარიასთან - ჭიხვინია,

ლამარიასთან - გრიალია:

კვერცხები ვითომც ჯიხვებია...

ჯიხვები ვითომც რქიანია...

პატარა ბიჭებს აცინებენ

სვანები უგერგილო სროლით -

ვაი თუ განგებ აწბილებენ!

ყასიდად აცილებენ მგონი!

ვესროლე, მოვარტყი უმალ,

ირგვლივ სიხარულის ყიჟინია,

"ვინ ეჯიბრებაო, სვანეთში სტუმარს!" -

მასპინძლის ბიჭები იცინიან.

ჩერქეზულ უნაგირში მახვშივით ვზივარ,

გვარად ლებანიძე, სახელით მურმანი ვარ,

შხარასკენ მივქრი და ყველზე წინ ვარ.

რამხელა ამბავია - სტუმარი ვარ!

ფუთა დაჩქელანი მელანდება,

წარსულის ტევრები სულ გავცელე.

ფუთაზე რომანი მენატრება.

რამხელა ამბავია - თუ დავწერე!..

რამხელა ამბავია, ერის

წარსული დღესავით იხილო.

თავისუფლებაზე მღერით

ძალმომრეობაზე იყვირო!

რამხელა ამბავია, მიგიღონ

თვისტომად, შვილად და გმირად!

რამხელა ამბავია, მიიმკო

ამათი სიყვარული ქირად!

ირგვლივ ლომკაცების ჯარია,

"ლილეო" მწვერვალებს სცილდება,

- დიდება უშგულის მარიამს!

- დიდება! დიდება! დიდება!

მე თუ გავაკეთე ის,

რასაც ვეპირები დღეს,

წინასწარ ცრემლები მდის,

აგინთებ სანთლების ტყეს!

გადავალ ჩეგემის მხარეს,

ჩავყვები ღრუბელთა ეტლებს,

გადმოგგვრი ჩერქეზულ ხარებს,

დაგიკლავ თოვლივით თეთრებს!..

ფუთა დაჩქელანი მელანდება,

წარსულის ტევრები სულ გავცელე.

ფუთაზე რომანი მენატრება.

რამხელა ამბავია - თუ დავწერე!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ