ეძღვნება გურამ თიკანაძეს
- ვოი! რა უფერულია სიკვდილი ლოგინში! ვიო, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში! ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ - ყინულის ლოგინში!.. ყანას და სათიბს მომცდარა. მთელი სვანეთი შეკრებილა, მთლად საქართველო შეკრებილა, შხარასთან ღრუბელივით მომდგარა ... ვიო, შხარა სისხლით შეღებილა - კოხტა თიკანაძე მომკვდარა ... და ბექნუს ლომებს გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში, ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში. რაც მოხდა, დაშვებისას მიმხვდარა: საკუთარ ხელით პალო დაუგია, საკუთარ პალოზე მომწყდარა... თოკი ერთადერთი ჩაუბია - თავი სიმამაცით წაუგია, ვოი-ვო, სიმამაცით მომკვდარა!.. და ბექნუს ლომებს გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში, ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში... დავაწყო ხორცი და ძვალი, სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ, აღმართში კვნესით ამიტანეთ, ვაკეზე, მითხარით ზარი!..” შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა; ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცი საკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა: ”თეთნულდმა რა მოგცა? უშბაზე რა გქონდა? შხარაზე რა გინდოდა, გმირო?! ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა - რამ დაგაპატარავა, შვილო?!” ასი ცხენოსნით უშგული გახლავს და ბეჭზე მიდევს შენი საკაცე... შენ დაგეუფლა ძილი და დაღლა, შენ დასახარჯი უკვე დახარჯე... შენ გაიელვე ღრუბლებზე მაღლა, შენ საქართველოს ღამე გახაზე... ასი ცხენოსნით უშგული გახლავს და მიტივტივებს შენი საკაცე... ვიო, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში! ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ - ყინულის ლოგინში!.. რაც მოხდა, დაშვებისას მიმხდარა: თავი სიმამაცით წაუგია, ვოი-ვო, გურამი მომკვდარა ... ცოცხლისგან საყვედური აუგია, ჩაუქი მკვდარიც ჩაუქია - ვარსკვლავი ვარსკვლავებს მომწყდარა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |