ჩამოწყვეტილი ფოთოლი ჩამჭკნარი, კაეშნიანი, მიჰქონდა ქარსა ჰაერში, ობოლი, ობოლ-გზიანი! ქარი ტიროდა, სიოდა და ფოთოლი კი ცრემლების ტალღებზე გადადიოდა! მშვიდობით გაზაფხულოვო, სამს დროთა შორის ვარსკვლავო, ხმელეთის თაიგულოვო! ამწვანებულო მდელოვო, ზურმუხტის ჩანგზე სიმებო, შესაწყობ-დასამღეროვო! მორთულნო ჭრელი კაბითა, გულ-სახსოვარო, სალო კლდევ, ამირან გმირის ამბითა! ვარდ-ზამბახის და იასი, რაკრაკავ, ჰანგის შემწყობო, ბულბულის ტია-ტიასი! გემშვიდობებით ცრემლითა, ზამთარმა შტოზე მომწყვიტა, მომწყვიტა ბასრი ხელითა! ჩამიჭკნა გული ყვავილში, ბედმა მიმუხთლა უდროვოდ მე განთიადის ძახილში! და გარიჟრაჟო დილისა, მივდივარ... შორ გზას გავივლი, წამღები თქვენი ჭირისა! ჩემი ლაღობა, ნავარდი; ბევრჯელ მესროლა ავბედმა მახე და რკინის ქამანდი! მივდივარ ჩამოწყვეტილი; გზა ნაცნობია... ბილიკი აქ არის გამოკვეთილი!.. ცრემლი აჩნია კვალზედა, აქა-იქ სისხლიც შემხმარა დაწყევლილ ეკალნარზედა! ბანს მომძახიან წყობითა... შორს... შორსღა... გრგვინავს სალი კლდე, გრგვინავს, სჭექს ბობოქრობითა! ამწვანდებიან ფოთლები; ჩამოწყვეტილსა ღეროზე, ამოფეთქდება კოკრები, აუმღერ-აუჟღერდება, მწუხრზე დაუკრავს ბულბული, ცისკარზე გამოთენდება, მაშინ ჩემს კუბოს ლხენითა, ჩამოწყვეტილი ფოთოლი დანამეთ დილის ცრემლითა!” ჩამჭკნარი. კაეშნიანი, ჩამოწყვეტილი შტოზედა და ბედუკუღმართ გზიანი! ქარი კი ისევ სიოდა, და შორს... შორს... ცრემლის ტალღებზე ფოთოლი გადადიოდა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იროდიონ ევდოშვილის პოეზია |