კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 14:22

 

 

 

განთიადია... მოდის მზე,

მოდის გვირგვინი ქვეყნისა,

მხრებზე ასხია სხივები

პორფირი მეფეთ-მეფისა.

შეკრთა ცა, მიწა შეთრთოლდა,

გაქრა, გაიბნა წყვდიადი...

სამოთხის კარი გაიღო

და წამი დადგა დიადი...

ცამ შვების ცრემლით მონამა,

მიწამ დაიწყო ღიმილი,

ტყემ უმეჯლისა ნიავსა,

გაისმა ჟივილ-ხივილი!

ბორცვს ტალღა დაჰკრავს ზურმუხტი,

მინდორს დაუქნევს ბოლოსა,

ნაკეცი ნაკეცს გადასდევს,

რომ მთამდინ შეაყოლოსა.

შაშვი იქით ხევს ჩაფრინდა,

შეუნავარდა აქეთ სერს,

ეძებს და ეძებს სატრფოსა,

ეძებს გულისა საყვარელს!

ღუღუნებს ბერი ქედანი

ჭალას წასულა მწირადა,

ერთხელ ისიცა ლაღობდა,

ახლაა განდეგილადა!

მერცხალი მოუსვენარი

ხან ბალახს ეკვრის, ხან წყაროს,

გაუქროლ-გამოუქროლებს,

რომ გული შემოინამოს.

კორდს დაქვითინებს მგოსანი,

ღამის არშიყი, სტვენია,

დაიწყო პირველ ცისკარზე, 

ჯერაც არ მოუსვენია!

მზე კი, მზე ლაჟვარდ სივრცეში

მოდის, მოაბნევს სხივებსა,

ძირს ტყე-ველს გულ-მკერდს უკოცნის,

მთის მწვერვალს - ბროლის მძივებსა!

წამოდი, ტურფავ, დაუხვდეთ

დილის განთიადს დიდებულს,

ის დაუსვენოთ ძეგლათა

ჩვენ ტანჯვას... ჩვენსა სიყვარულს!

ის იყოს ჩვენი ნუგეში,

იმედი... ძალა გულისა...

მხოლოდ იმისთვის ვაჟღეროთ

ჩვენც ჩანგი სიყვარულისა!

ვისწრაფოთ... მისკენ ვისწრაფოთ...

ვისწრაფოთ... მტრედო დილისა,

მახარებელო ფრთამალო,

მისი პირველი სხივისა!

განთიადია... მოდის მზე,

მოდის გვირგვინი ქვეკნისა,

მხრებზე ასხია სხივები,

პორფირი მეფეთ-მეფისა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - იროდიონ ევდოშვილი  • • •   იროდიონ ევდოშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ