კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:10

 

 

 

შენთან ვსაუბრობ ყოველდღე,

მესაიდუმლევ გულისა,

შენა ხარ დამატკბობელი

აღშფოთებული სულისა.

ხშირად ცხოვრების ტალღებში

დასუსტებული ბრძოლითა.

შენ გიზიარებ სიმწარეს

წელში მოხრილი შრომითა!

ძველ ქვეყნის გველთა სისინზე

გული შფოთდება, ფრანგდება,

მაგრამ ბნელეთის ასპიდებს

დღიური გაუმკლავდება.

მას აქეთ, რაც რომ გულს მოსწყდა

სატრფო. წაიღო ტალღამა,

მითელ-მოთელა ცხოვრებამ,

სიცოცხლე ჩააბალღამა:

მის დარდ-ვარამსაც შენ განდობ,

შენ გიზიარებ, დღიურო,

შენ, ჩემი გულის საოხო,

ჩემო მანანავ ციურო!

შენი წიაღი ზოგ-ზოგან

ამტყდარი ქარიშხალია,

ზოგან - უმანკო სიცილი,

ზოგანაც - გლოვის ზარია!

სარკევ სულის და გრძნობების, 

წარსულის გამხსენებელო,

აწმყოში ჩემი ფიქრების

მიმღებო, მომსვენებელო.

შენთან ვსაუბრობ ყოველდღე,

მესაიდუმლევ გულისა,

შენ მხოლოდ ერთადერთი ხარ

ჩამყუჩებელი წყლულისა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - იროდიონ ევდოშვილი  • • •   იროდიონ ევდოშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ