კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 09:39

 

 

 

ვიწრო ბილიკით მოველ ბარიდან,

გადმოვიარე სამრულის წყალი,

ახლა აღმართზე მივიჩქარი და

გასდევს ხეობებს მშიერი თვალი.

მოდის ბღავილი საჯიხვე მთიდან,

ქედებს ახურავთ მწვანე საბანი,

ჯანღი მოცურავს ბამბაზე წმინდა

დილის ცრემლივით გადანაბანი.

და ჭიუხები ფეხებთან ყრიან,

გული ზვიადი განცდით მევსება,

ახავერდებულს მიდამოს ცვრიანს

ნიავი კოცნით ეალერსება.

გაღმა ნანგრევად მოჩანს ეთელტა, -

ნასოფლარს ხავსი ჰკიდია თმებად

წარსულ დიდებას აქეთ ვეძებ და

თვალი ქვიშიან ხევებზე წვება.

- ფრიალოებო, მიამბეთ რამე

ჯიხვთა ბილიკებს თუ გადავურჩი

ნაბდად დამხურეთ თუშეთის ღამე

ქვეშ დამიფინეთ ცვრიანი ქუჩი.

მთამ ჯანღი ფიქრად გადამაყოლა

ჯანღი ნაბარევ ბიჭებს დაუვლის,

ამ ხეობიდან თურმე ჯოყოლას

გადაჰკიოდა გაფრინდაული.

იწვა მიდამო ცრემლად დამდნარი,

ნატყვიარ სოფელს სისხლი სდიოდა,

იწვა ხევებზე მკაცრი ზამთარი

და ვარსკვლავები ციდან ცვიოდა.

აქ იდგა კოშკი ყრუდ მოგუგუნე,

კონდახზე ენთო ვაჟკაცს თვალები,

ახმიანებდა ღამეს უკუნეთს

კლდეზე დაკრული ცხენის ნალები.

აქ იყო-მეთქი, ჭირით სნეული

აკლდამაში რომ თვითონ წვებოდა,

ცოცხლად აჩრდილად გადაქცეული

ძვლების გროვაში ტანჯვით კვდებოდა.

ბედს დასცინოდა შთენილი მარტოდ,

ოხვრა ეკიდა ნოტიო თაღებს…

მოჩანს კლდეებში აკლდამა ფართო

და მდუმარე კარს დუმილით ვაღებ.

აი, შევდივარ წელში მოდრეკით,

ძვირფას სახსოვარს სიპზე ვალაგებ,

ვინ იცის, სად არ მოუკლავს ლეკი

ამ დაობებულ თითის ფალანგებს.

სად ჩაწვა გული, როგორც აბედი,

სად დაელეწა ხმალი შავტარა, -

ვინ ჩამოთვალოს, დუხჭირი ბედი

დაგლეჯილ თექამ საით აქარა.

- ტყვიაზე მძიმე ბურანი გაწევთ,

ნაგერალებო გარდასულ დროთა,

შხამით დაყურსულ ღამეებს ათევთ

და საუკუნო ძილშიაც შფოთავთ.

ო, განისვენეთ, მარად მდუმარი

მიწის კედელი გეხუროთ შავად,

მე აქ მოვსულვარ, როგორც სტუმარი,

მემკვიდრეობის მოსაკითხავად.

თქვენ საუკუნეს სისხლითა სწერდით,

მაინც გინდოდათ მზეზე დარჩენა,

- რა მიანდერძეთ? - ათასი ღმერთი,

ნაქოხარი და ლეკის მარჯვენა.

უკან წაიღეთ, ვიხსნი მხრებიდან

ცოდვებს, დღემდე რო წვალებით ვზიდე,

ლექსით გადავხან თქვენი გზები და

ამქუხარებულ გულს დავეჭიდე.

გულს დავეჭიდე, რა ვუყოთ მერე,

თქვენს ნასისხლარში თუ მიდგა ძირი,

ცხოვრებას ხანჯლით აღარა სწერენ,

აღარც დაღესტანს თარეშობს გმირი.

თქვენ გადახვედით, მზიური დრო კი

ძარღვში მქუხარე სისხლად ჩადგება

და ნატყვიარით წაშლილი კოშკი

ამ დროში ვიღას გამოადგება.

ფარის ნალეწი კლდეებზე დარჩა,

აღარც ხატიდან ისმის ღრეობა,

ჩემი ეპოქა გადაშლის ფარჩად

თექაზე ნარჩევ მემკვიდრეობას.

აწონილი მაქვს მყობადი სისხლით,

გრიგალს ფეხდაფეხ გავედევნები,

თუ მოითხოვა სამშობლომ სისხლი,

არც მის გაღებას დავერიდები.

ეს გულიც, ქვეყნის თანაზიარი,

გაჰკივის დღეებს არჩეულ გზიდან...

ფერდებზე მოჩანს ქუჩი ცვრიანი,

ხევში - ნამქერი ბამბაზე წმინდა.

ფარტენა ჯანღებს ნიავი სინჯავს,

თან მინანქარის ნატეხს ადარებს,

ალაზანს დასცქერს სპეროზა დინჯად

და მოხუც მტკვართან ამბავს აბარებს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ადამ ალვანელი  • • •  ადამ ალვანელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ