ვიცი, ბევრი ჰყავს სულს ნათესავი, - ერთიც რომ იყოს, - ის ერთიც კმარა მტკივან გულიდან ვინაც ჩემსავით. მწველი ოცნება სისხლივით ღვარა; გულით უძლურმა, რწმენით ღარიბმა, ვინც ეს ცხოვრება ვეღარა ჰზიდა, და ჩემთან ერთად სვა მწუხარება. ადუღებული ცრემლის თასიდან; ვინც მწარე ბედ-ქვეშ ბევრი ითმინა, მაგრამ ნუგეში ვერ მოისმინა.
ვინც განწირული ხშირად ყოფილა, ვისაც სინათლე მუდამ სწყუროდა ვინც ბნელ მიწაზე ძირს დამხობილა, რომ ცის ლაჟვარდი გადმოხუროდა. და ვერ დაითრო მზის ბრწყინვალებით, მიწა ჩასთვალა შავ ბალდახინად, და ანთებული შიშით თვალები ცივ ვარსკვლავების თოვლით გაჰყინა: ვისაც აწვალებს გული მგზნებარი და ჟრუანტელი გაუგებარი.
მინდა ეს ლექსი მათ წინ ავანთო როგორც ჟინჟღილი მოულოდნელი რომ გაქრეს ფიქრი უშარავანდო და გამინათდეს გზა ბოლონდელი; გამოჩნდეს სივრცე მზით შენაფერი, და ბოლოს მაინც იხილონ თვალთა ნანატრი ქვეყნის შორი ნაპირი და შთაგონების ბრწყინვალე კალთა კმა-იყოს ჩემთვის სულ ცოტა რამე, ოღონდ დავშრიტო გულის ვარამი.
სხვა ვინ ყოფილა გრგვინვის მსმენელი ერთხელ სიკვდილის შიში სწვეოდეს, და გულს ჭრილობა აუცდენელი. შავ ლაქასავით არ დასჩნეოდეს ვინ გადურჩება დაუთარსავი. სიკვდილს, თუნდ იყოს რკინით ნაგები, თუ სასიკვდილო ჭრილობასავით მზესაც აჩნია შავი ლაქები, - თითქო მზეზედაც, ცელ-ამოწვდილი, დგას და დროს უცდის სიკვდილის ჩრდილი!..
აქ დიდი ხანი არვის ჰქონია, - ვჩქარობთ, თუ ცოტა შემოგვეხანა, და არის წამი, როცა გვგონია, რომ სასაფლაოს ჰგავს ეს ქვეყანა. მაგრამ უეცრად ამ ყალბ წამიდან გული იპოვის სანუგეშო გზებს: ასე ყოფილა დასაბამიდან, - ყვავილი ხარობს დამპალ ნეშოზე: საფლავში ჩადის გახრწნილი თესლი, რომ ამოვიდეს სხვა, უკეთესი.
როცა ლურჯ ჰაერს მზე დააჩნდება, როგორც სხივების კორიანტელი, ყოველ ფოთოლზე სხივი დაჯდება. და აენთება თითო სანთელი, - - სიხარულისთვის უნდა კმაროდეს ამ დროს ფოთლების გაშრიალება, რომ დავიჯეროთ და გვიხაროდეს, რომ ბნელში სხივი არ იმალება; და ჩვენი წილი ვსვათ სიხარული, მზის აუზიდან გადმოღვარული.
ცა ვინ გაზომა მრუდე სარკითა? ვინ სთქვა ჯერ სიტყვა უკანასკნელი? ნისლიან ფიქრის ჩამქრალ სარკმლიდან უნდა მოსჩანდეს ქვეყანაც ბნელი. თვალი ბრმავდება სიმწუხარეში, მუდამ ნაღველით გამომზირალი: ცრემლით დატვირთულ თვალთა კარებში შედის ქვეყანა მხოლოდ მტირალი; სმენა ეჩვევა წარსულის ძახილს და ჩრდილი ჰფარავს მომავლის სახეს.
დე ამოივსოს დროთა არხები საუკუნეთა გამშრალ ძვლებითა, - მოგვაქვს სინათლით სავსე ძარღვები ბნელში დამარხულ უფსკრულებიდან; და თუმც ბევრია ჯერ დაფარული ვარსკვლავთა შორის მფრინავ სულისთვის, - მოვსულვართ ბრძოლით და სიყვარულით, ვივლით ბრძოლის და სიყვარულისთვის, - ვიდრე არსებობს გარდუვალ წესად: ცაზე იაროს მზემ ოქროს მწყემსად.
როცა იქ მწყემსი, ცეცხლის მთესავი, ცის ლაჟვარდს შეჰკრავს ოქროს ღილებით, აქ ჩემი გულიც ნუშის ხესავით შეიმოსება თეთრ ყვავილებით და დაიღვრება მყივარ ლექსებად, - თითქო სინათლე მზისგან გადმოვა და ჩემს ოცნებას შემოესევა მრეკავ სიტყვების ნათელი გროვა. ვამბობ: იჭვებმა თუ არ მოშხამეს - კარგია ქვეყნად დღეცა და ღამეც! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |