I
დამშვიდებული, დაწყნარებული, ზღვა კამკამებდა და ფირუზისა კამარას ცისა შესთამაშებდა; მაღლით სხივები - ოქროს მძივები დასციმციმებდნენ და სანატრელსა მზეს, საყვარელსა, უკავშირებდნენ. ქარი არ ქროდა... არსით ისმოდა ხმა ქვეყნიური. იყო დუმილი, უცნაურ-ტკბილი, თითქო ღვთიური!.. ვიდექ ზღვის პირას, - ამ ჰარმონიას მე შევყურებდი; ვგრძნობდი სულისა მასთან კავშირსა და ვნეტარებდი!..
II
აღშფოთებული, აღელვებლი, ზღვა ბობოქრობდა, თითქო წარბშეკრულს, გაპირქუშებულს, ცას ემუქვროდა, ტალღა-ზვირთები, ვით დიდი მთები, წამს იზრდებოდნენ და წამს უფსკრულში, შავ-ბნელ ჯურღმულში იკარგებოდენ. ზღვა, ვით დაჭრილი, ფაფარ-აშლილი ლომი, გმინავდა; ცა მრისხანებდა და მძვინფარებდა, - ჰქუხდა, გრგვინავდა! ზუოდა ქარი... იყო საზარი გარს ხმაურობდა, თითქო შემოქმედს მოსურვებოდეს ქვეყნის დამხობა!.. ვიდექ ზღვის პირას, - ამ ბრძოლას, დიადს, მე ვუცქეროდი; ვგრძნობდი სულისა მასთან კავშირსა და კვლავ ვსტკბებოდი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • დუტუ მეგრელის პოეზია |