ცხრამეტთა წელთა, შავთა და ბნელთა, წაიღეს დღენი ჩემის სიცოცხლის, მუდამ ბრძოლაში, მუდამ ტანჯვაში, მუდამ დევნაში მუხთალი სოფლის! გაქვავდა გული, დაეცა სული, გრძნობა-გონება მიჩლუნგდებოდა; დადუმდა ენა, გამიქრა რწმენა და სასოება მეკარგებოდა. მაგრამ მბრწყინავი, როგორც ვარსკვლავი, საზარ წყვდიადში, აჰა, შენ გაჩნდი; რა მოგკარ თვალი, მაშინვე ძალი ვიგრძენ უეცრად და სწრაფ განვახლდი; გაცოცხლდა გული, ამაღლდა სული, მომეცა ისევ იმედი, რწმენა, და სიყვარულიც წმინდა და სრული დამკვიდრდა ჩემში, ამეხსნა ენა!.. ღრუბელს ღრუბელი კვლავ მოსდევს ბნელი, მაგრამ არ არს აწ შიში გულში, რადგან შუქმფენნი ეგ სხივნი შენნი გზას მინათებენ ამ შავს ჯურღმულში, და მეც მათა ვსდევ, აღარას დავსდევ ცისა და ქვეყნის კერპთძლიერებას; მხოლოდ ვცემ თაყვანს სიყვარულს მართალს და წმიდას, ღვთიურ ჭეშმარიტებას!.. დიდი რამ არის პოეტისათვის, როცა ეგულვის შენებრ მფარველი, როცა მან იცის რომ თვის შრომისთვის დააჯილდოებს შენებრი ხელი; მაშინ მის გულსა, აღფრთოვნებულსა, ვეღარ დათრგუნავს ვეღარაფერი; მაშინ ის კლდეა, მტკიცე ზღუდეა, მწველი ცეცხლია, ზღვაა ძლიერი!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • დუტუ მეგრელის პოეზია |