იყო დრო ნეტარ ჭაბუკობისა: გულში ყვაოდა ია და ვარდი, სულს წმინდა გრძნობა აცისკროვნებდა, მე ის მიყვარდა, მას მე ვუყვარდი! ზღვა, ციალებდა და კამკამებდა და მასზე მცურავს ჩვენ კოპწია ნავს ოცნება შორს, შორს მიაქანებდა! უცხო სამთავროს ტურფა მფლობელი, მე კი იმისი კარის მგოსანი, მარადის მისი შემამკობელი. მის ჩაგონებით მისთვისვე თქმულსა: ის ყურს უგდებდა აღტაცებული, ჩემსა სიმღერას, აღფრთოვნებულსა, მეც სხვის არაფრის არ მქონდა დარდი: სულს წმინდა გრძნობა აცისკროვნებდა, გულში ყვაოდა ია და ვარდი! ასტყდა გრიგალი, სასტიკ-საზარი, ნავი კლდეს მოხვდა და დაიღუპა; გაჰქრა ოცნება, ვითა სიზმარი! სინამდვილეა გამეფებული: ის ჩაუძირავს ცხოვრების ჭაობს, მე - უდაბნოში ვარ გარიყული! |
პოეზიის გვერდი • • • • • • დუტუ მეგრელის პოეზია |