ფრაგმენტი
ერთი ოცნების, ერთი გვარის ვართ ტყუპის ცალი, ერთად ლპებიან ჩვენ მამების კუბოს ფიცარი. ორპირის ფშანის ერთად ვწოვეთ ჩვენ უჟმურები და ლექსებითაც ერთმანეთს არ დავემდურებით... რიონის ტალღად დაგვედევნა სიტყვა ანკარა. ერთია ჩვენი სამუდამო ხაშმის ემბაზი, ლექსი ქართული გაიმართა ორპირის ხაზით. მოაქვს დილიჟანსს კრენდილები და „ნაკადული“. მოიმღერიან შარაგზაზე ჩალანდარები და შიშველ ფეხებს აქ ეკალიც არ ეკარება. შენ გაბრმავებდა ბავშვობიდან მარტო დაფნარი. მღერის გომბეშო გაუმშრალი და ოქროპირი, ჩვენი სიმღერაც ამ ორკესტრის ხმაა დამდნარი. და ამ ტალახში ჩაეფლობა იხტიოზავრი, დაჟანგებულა იქ თოხები, ჩვენი ნამგლები და მოხსნეს ალბათ სამრეკლოდან მწივანა ზარი. რომელსაც ცრემლი მარტო ერთი თუ დააკურთხებს, კიდევ კარგია, თუ მოყვარემ ვინმემ გაბედა, თუ კიდევ შერჩნენ მეზობლები დაწყევლილ კუთხეს... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |