ბავშვები: გაბმულხარ, ჩიტო, მახეში? გაჩერდი, ნუღარ ფართხალობ! ჩვენი ხარ, ვეღარ წაგვიხვალ, დაგვიმორჩილდი, რას წვალობ?
ნეტავი რისთვის გინდივართ, ბავშვებო, გენაცვალებით? გამიშვით, ჩემთვის გავფრინდე, რას გამორჩებით წვალებით?
ვერ შეგელევით, მალხაზო, აგაცდენთ ყოველ გასაჭირს; სულ შაქრით ჩაგიტკბარუნებთ მაგ პაწაწინა ყელს და პირს.
რად მინდა თქვენი შაქარი? არ მიყვარს, ჩემთვის მწარია, მინდორში ვიჭერ ბუზ-პეპლებს, სხვაც ბევრი საკენკარია.
ტრიალს მინდორში, საწყალო, გაგყინავს ცივი ზამთარი, და აქ კი ოქროს გალია შენთვის ახლავე მზად არი!
ნუ შიშობთ! გადავფრინდები საზამთროდ თბილსა მხარესა, ტყვეობაში კი სამოთხეც არ მინდა გულმწუხარესა!
ახ, რომ იცოდე, ჩიტუნო, რარიგად შეგიყვარებდით? არ მოგაწყენდით, ღმერთმანი, ნიავს არ მოგაკარებდით.
ეგ, მეგობრებო, მეც მჯერა, შეფერვით უეჭველია; მაგრამ ეგ თქვენი ალერსი, რა ვქნა, რომ მავნებელია? ეს, ბავშვნო, ნუ გავიწყდებათ; ტყვედ ყოფნა მაწყენს, ფეხებს ვფშეკ და თქვენვე გული დაგწყდებათ.
გაუშვეს, უთხრეს: „მაშ ღმერთმა აწ მოგომართოს ხელიო! გაფრინდი, გადაიარე ჭიკჭიკით მთა და ველიო." |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |