კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 09:54

 

Ι

 

მთათ გული, დაწყლულებული

დახოცილ შვილთა მზერითა,

ერთმანერთს მისწებებია,

წყენა გაზდილა წყენითა.

დაღვრილი გმირების სისხლი

მიწის გულს ჩასწვდა ქვევითა,

შეწუხებული ნისლადა

ამოხეთქილა ზევითა.

გულ-გაგმირული ბიჭები

გაფანტულია ველადა,

ხარ-ზაქებს ჰგვანან მხედარნი,

ხმლები არტყიათ წელადა.

მტერიც-კი ვერ გაიმეტებს

თვის მკვლელებს დასაწყევლადა,

ისეთი ლამაზებია,

მხოლოდ არვინ ჰყავთ მცველადა,

დახოცვილთ არვინა ჰგლოვობს,

არ დაწურულა ცრემლადა.

ქალ-რძლის არ ისმის ქვითინი,

დედების მოთქმა მწარია,

ჯერ არ იციან დიაცთა,

რომ გასწყდა ხევსურთ ჯარია:

მტერს შაეხოცნენ ყველანი,

არ მოაყივლეს გვარია.

სიკვდილმა სამკლად ჩაიდვა

მათი სიცოცხლე, ჯანია.

სახელსაც ეჭიდებოდა,

რომ თან წაეღო საგზლადა.

ვერ მოერივა, აქ დარჩა,

შვილებს გვინთია სანთლადა.

თურმე ყველაფრის მმუსვრელი

და თან წამღები ძალადა,

რომ სახელს ვერ ჰკლავს გმირისას,

აქვს გული გასამწარადა.

მის გამო ბრაზ-მორეული

სიკვდილი ჰხდება ავადა.

სჯობია, მოკვდეს სიკვდილი,

მზე ჩაუვიდეს შავადა.

 

ΙΙ

 

სამშობლო მიწის მცველებმა

ვერ მოახერხეს გაქცევა,

ისევ სიკვდილი ირჩიეს,

ვიდრე-ღა ფიცის დარღვევა,

მთათა ქედების საპოხლად

თავის სისხლისა დაქცევა.

აუარებელს მტრის ჯარსა

აჰხირებიან ცოტანი,

ამიტომ ფრიად მწადიან,

შევასხა იმათ ხოტბანი.

საქებარს, სათაყვანებელს

ვით შევუთვალო გმობანი?!

ამიტომ ნისლი თავს ადგათ

წითელი სისხლის ფერადა,

დახოცილთ თავზე დასტირის

და დედათ მაგიერადა.

ამბობენ: მუდამ იმ დღესა,

როდესაც გასწყდენ გმირები,

ნისლი გაჩნდება, როგორაც

ძმა ძმასთან შენაპირები;

იტირებს იმ დღეს, იმ ღამეს,

არ უშლის მზისა სხივები.

მერე-კი დაიმალება

უჩინარ მთათა ყურესა;

დრომდე არ იძვრის, დროზე კი

სატირელს მიაშურებსა.

ნისლისგან ნაცრემლ მდელოზედ

ამოიხეთქავს ყოილი,

ტურფა, სხვადასხვა ფერისა,

ჯადოსნურადა ქსოვილი.

შორით-კი მოსჩანს თეთრადა,

როგორც მთა ჩამოთოვილი.

დიდხანს არ რჩება ამ ადგილს

ტურფა მცენარეთ კრებული:

თავს ესხმით ანგელოზთ გუნდი,

მაღლიდან მოვლინებული.

ანგელოზები გალობით

ყოილთ მოჰკრეფენ სრულადა,

არ გვიტოვებენ ერთსაც-კი

(ეს მრჩება გულში წყლულადა),

სულ ცაში მიაქვთ იმათთვის,

ვინც ძმას ეწევა ძმურადა,

ვინც თავსა სწირავს სამშობლოს

და ხდება დატანჯულადა.

იტყვიან, ღალატის გამო

თურმე დამარცხდა ლაშქარი,

დაჩლუნგდა სახელოვანი

ხევსურთ ვაჟების აბჯარი.

მტერმა კი მახარობლადა

სახლში აფრინა ჩაფარი.

იტყვიან - ჩვენივე კაცი

მტერს თურმე წინა სძღოლია…

ის საცოდავი, ნეტავი,

დედას რისთვისა ჰყოლია?!

ბეჩავმა იმისმა მამამ

რისთვის შეირთო ცოლია?

არ სჯობდა, ვაჟის მაგივრად

ძაღლი ჰყოლოდა ბროლია?!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვაჟა- ფაველა  • • •   ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ