... და მე ხანდისხან მეჩვენება ვითომ სამყარო ბაღია დიდი, დაწყევლილი და შხამიანი. მძიმე მხედარნი, შუბლშეკრული და უაბჯარო მოჰქრიან: რემბო, ერედია, ემილ ვერჰარნი. თითქო შეცდომით შემიყვანა ვიღაცამ ბაღში და შიშით ვხედავ გიგანტის ჩრდილს, მიმფრინავ მხედარს. უღონო, სუსტი, ავტირდები პატარა ბავშვი და თან მრცხვენია, ვიხედები, ხომ არვინ მხედავს. როგორ აბრუებს დამწველ შხამით ყვავილები სულს?... თითქო მორბიან გიჟი რბენით აქ კენტავრები. ცხელი უდაბნო უფრო ცხოველს უძახის წარსულს და ცას ეწვება, როგორც ძველ სახლს ცეცხლში ყავრები. ვინ მომიყვანა, ვინ გამიშვა ამ ბაღში ბავშვი?.. დამწვარ ქალაქის ვინ აუშვა ჩემ სულში ბოლი?.. რად ისვრის გრძელ ჩრდილს მიმფრინავი ამ მხედრის რაში, უდაბნოში ვარ, მაგრამ რაა ის მწვანე მოლი?.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |