კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 06:02

 

 

 

როცა გნახე პირველად,

ქარი მცემდა სახეში

წვიმის წამოსასხამს

და ნარბენი ვუმზერდი

შენი მწვანე ფოთლების

შრიალსა და ხასხასს.


როცა გნახე პირველად,

იყავ გახარებული

უეცარი ავდრით,

მე შარვალში პერანგის

ამოჩაჩულ ბოლოებს

ხელით ვიჩურთავდი.


იმის შემდეგ ცხოვრების

სიზმრით თავგზადაბნეულს

ცისკრისა და მწუხრის

გაუგებარ სიხარულს,

ღირსი ვარ თუ არა ვარ,

ხელგაშლილად მჩუქნი:


მთვარის ყვითელ სისხლში გაქვს

განბანილი ხელები

და ეგ შენი ტანი.

ჩემს სულს ისე იპარავს

მხოლოდ ერთი შეხედვით,

როგორც კლეპტომანი.


მთიდან როგორ ჩამოხველ

და აქ როდის მოსულხარ,

ქედმაღალო მუხავ,

ყური ვით შეაჩვიე

ამ ქალაქის ლაპარაკს

უხიაგს და უხამსს.


შენ არ დაგაჯილდოვებს

მედიდური არწივი

თუნდაც ერთის ნახვით,

შენ არ გეხახუნება

ვნებიანი ქსუტუნით

გამაძღარი ტახი.


შენ არ ამოგიდგება

გვერდით მთელი კორომი,

შენი ძმა და ასლი,

შენს ჩრდილს ვერვინ იჩრდილებს,

არვინ არ წამოწვება,

სუფრას არვინ გაშლის.


შენ ტყის ჩუმი სინათლით

არ ხარ გაშუქებული

და ქალაქის ბორგვით

ცხოვრობ და შენს გარშემო

ბრუნავს გადარეული

მანქანების ჯოგი.


ჩვენ ძეხვივით გაბოლილ

ამ ქალაქში რა გვინდა...

გამისწორე თვალი,

როცა მომაქვს ბაზრიდან

გახვეული ქაღალდში

ყველის ნაოთხალი.


შენ ამ ბაზრის გრიალში,

მითხარ, რა გეშველება,

ქედმაღალო მუხავ,

მე კი ალბათ ოდესმე

სადღაც ქართლის სოფელში

მივუჯდები ბუხარს.


სადაც საყდრის კედელზე

ქვის ფოთოლი ირხევა

და მტევანი ყურძნის,

სადაც ლანდი წინაპრის

ბალამწარას ყალიონს

გულმოდგინედ წუწნის.


და მტვრის კორიანტელი

ენაგადმოგდებული

ქოფაკივით მოსდევს

იმ ავტობუსს, რომელიც

მორახრახებს კასპიდან

მიმავალი ნოსტეს.


იქ, ცხოვრებით დაღლილი,

ალბათ ბოლოს მოვიცლი

და ჩემს მემუარებს

გადავიტან ქაღალდზე,

ღამის სამელნეში რომ

ჩავარდება მთვარე.


მე ამაზე ვოცნებობ,

მაგრამ, მუხავ, მანამდე

ვხარობ შენი ნახვით,

ალბათ ჩემი ყოველი

ქალაქიდან გაქცევა

გათავდება კრახით... 


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ