კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 08:05

 

 

 

შენ გეგეზიზღება,

გეზიზღება მთელი არსებით

ის - ნაქურდალით მდიდარი და სულით ღატაკი.

ამპარტავანი ფეოდალივით

ცხვირწინ ბეჭდიან ხელს გიტრიალებს,

ჭრიალებს სიტყვა და იატაკი.

ის საქართველოს სვამს სადღეგრძელოს

და იზნიქება რესტორანში კუთხე მაგიდის.

როგორც ყიდიან მშენებლობის აგურს და ცემენტს,

ხვალ რომ დასჭირდეს,

საქართველოს ისე გაყიდის.

მოძრაობს პირის ბნელ ორმოში იმის ენა

და ხარ გასვრილი, დამცირებული,

თითქოს მანქანამ შემოგასხა ქუჩაში ტლაპო

შენ გეზიზღება...

მორღვეული  პირი მიუგავს ძველ

მანქანის აწეულ კაპოტს.

ტალახიანი არის სიტყვა, ვით გასტრონომში

არის ნახერხი ტალახიანი.

ტალახიანი არის ღიმილი,

იგი დასცინის პატიოსნებას

და ეს ღიმილი სულაც არ არის

ამოუხსნელი, ვით ფაქსიმილიე.

გული გერევა,

მოიშორო გინდა თავიდან,

განა იმიტომ, რომ უზომო ღვინო დალია,

შენ გეზიზღება სახე მტაცებლის,

იგი გულღვარძლიანი

და თავგასული ფეოდალია.

ო, საუკუნე რომ იყოს ახლა

ან მეჩვიდმეტე, ან მეთვრამეტე

იანიჩარად ან მამელუქად

სადმე სტამბოლში რომ გაეყიდე,

ალბათ დამბაჩით წინ გაგიგდებდა,

გაგაყოლებდა ზღვაში ფელუკას.

ხელს შეუწყობდა შენი ერის გადაშენებას

და ვით სჩვეოდა რეგვენ ფეოდალს,

განუდგებოდა რჯულსა და მეფეს

ისე, რომ ალბათ,

წარბი არც კი შეერხეოდა.

ის ახლა ზის და კონიაკის ცრემლებით ტირის...

შეგფიცა ძმობა.

დაშორდებით ერთმანეთს ძმებად.

და ყავისფერი იმისი ხელი

შენს მხარზე თითქოს ხვლიკივით თბება.

ის მალავს თავის უვიცობას მოსწრებულ სიტყვით,

ლაზღანდარობით,

ყურმოკრულით,

არის ბოსელი

გამოსაგველი მისი სული და ხალხს ატყუებს,

რომ თითქოს იყოს იარაღი პატიოსნების.

ის თვალთმაქცია

თავხედია

პატივმოყვარე.

მთელის არსებით გეზიზღება და გეზარება.

ის არის ხარბი -

მომხვეჭელობა გადამდებია

როგორც მთქნარება.

გალაღებული ეხუმრება ოფიციანტებს,

ნაქურდალს ფანტავს სასადილოში,

თითქოს დაგიდის ზედ ლოკოლინა,

როცა გეხვევა და ნასვამი სახეს გილოშნის.

შენ დამარცხდები,

თუ ბევრ რამეს შეურიგდები

ლოჟის სიღრმეში შემალულმა შენი ერისთვის

როგორ გასწიო სამსახური.

ხმა ამოიღე!..

ნუა პატივში საქმოსანი და აფერისტი,

სარგებლობს შენი მორიდებით,

გულკეთილობით,

სარგებლობს შენი მოთმინებით,

შენი დუმილით.

შენ უფრთხილდები შენს სიმშვიდეს და მყუდროებას,

საუბრობ ძვირფას აჩრდილებთან მედიუმივით.

ო, ამ სიმშვიდის საზღაური იქნება მკაცრი...

კაცი, ურცხვი და უტიფარი, თავს დაგდგომია.

ხმა ამოიღე,

დამნაშავეს გადაეღობე,

არ დაიხიო,

არ დაუთმო,

ესეც ომია!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ