სევდა, რომელიც უხასიათო და ჭირვეული ბავშვივით ღნავის, არ დამშვიდდება, გინდ მოვეფერო, გინდ რბილ ბალიშზე დავუდო თავი; შემოვუჭირო გინდ არტახები, ეგ შენი მკერდი თუ არ ჩასჩარე, არ მოასვენებს შენი სახელი. თუკი წყურვილი ვერ მოვიკალი, შენი მკერდიდან თუ არ გადმოხტა გაცელქებული თეთრი თიკანი... და აღარა ხარ ის ქალიშვილი, მე რომ უხეშად მეპასუხება და კაბის ბოლოს თავაღერილი თხა რომ უღეჭავს. ახლა შენს სხეულს, ნაგვიანევმა ქალიშვილობამ რომ ჩამოხუნძლა ასე ცთუნებით, არ შემიძლია ისე შევხედო, როგორც მოხუცმა. და ასე როდის გამოცალკევდა, შიგნიდან როდის განათდა შენი თვალები - ჩემი სასოწარკვეთა. როგორც მარანი, შენი სხეულის მდინარის ფშანში ჩამალულია ბნელი დარანი. აყვავებული ჭაღარა ფშატი, რომელიც თითქოს უკანასკნელად ამჟღავნებს თავის ვნებას და წადილს; ან მარტოდმარტო ხარობს ობოლი, ნაგვიანევი მთის გაზაფხულით როცა ივნისში მხვდება გომბორი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გივი გეგეჭკორი პოეზია |