პროზა ლექსად
ყოველ სურათს არა აქვს ჩარჩო. ისინი სხედან გვერდით ოთახში. როცა ჭიქაში სასმელს ასხამს, კანკალებს ხელი. ქალებს მუხლებზე უდევთ საქსოვი. შენ გესმის, ზოგჯერ რომელიღაც დგება მათ შორის და მიდის უხმო ნაბიჯებით, ძირს დავარდნილი, გაგორებული რომ აიღოს ხელში გორგალი და ისევ სკამს რომ დაუბრუნდეს... და თვალებს ისე აცეცებდა, თითქოს დახტოდა შეშფოთებული ორი ჩიტი ტოტიდან ტოტზე; ზამთრის ღამეში ვინც ღუმელთან გითბობდა საბანს და მერე ისე გახურავდა და მარტოობას რომ გაჰქცეოდა, გეხუტებოდა; ის, ვისაც სუნი ასდიოდა ქინძის და ობის; და ვისაც პური მიჰქონდა გულთან, რამ ასე გულზე მიხუტებული სამზარეუოს დანით დაეჭრა; და ვისაც ფრინველივით მსუბუქი ძვლები, როცა ხუმრობით აგყავდა ხელში; ვინც ადიოდა სახურავზე ქარიან ღამით, როცა ამტვრევდა კრამიტებს თუთა; ძველი წიგნების ნაღვლიანი ეპილოგებით; ვინც შენ გიბიბოძა გაწითლებული და საპნიანი ხეებით ბევრჯერ გაუგებარი ბედნიერება და ვის კალთაზეც მოჭიდებული ისე იდექი, როგორც ტაძარზე მიშენებული პატარა სახლი... ვინც პალტოს თავზე წამოიცვამდა და მერე ხელებს სახელოში ისე უყრიდა; ვინც სამჭედლოში უროსა სცემდა და ვინც ლოგინად ჩავარდა ბოლოს და სიკვდილის წინ მოისურვა ვენახის ნახვა; ორმა ჩააცვით შარვალ- ხალათი და რადგან დარჩა შეუკრავი შარვლის ღილები, როცა მანქანა მიჯაყაყებდა, გახსნილ ხვანჯარში ქათქათებდა პერანგის ბოლო; ვინც მერე ღამით ხროტინებდა ძალიან დიდხანს და როცა სული ამოუვიდა, გაშოტილს ხელი ისე დარჩა გაწვდილი, თითქოს სურდა გაეგო, წვიმა ხომ არ წამოვიდაო... დარბაისლური საუბარი ჰეგზამეტრისა და მეცხრამეტე საუკუნის ჩუქურთმიანი ქვის შენობები და ფასადები; ვისაც მოხუცი ცოლი მაკრატლით კისერში ჩასულ თმას უსწორებდა და ვისაც ძლიერ ეშინოდა ორპირი ქარის; ვინც შენ ოდესღაც გეცოდებოდა, როცა რვეულებს ასწორებდა წითელი მელნით; ის ვინც თვრებოდა საკუთარი ენამჭევრობით, და კიდევ სიტყვა "უზენაესი"; ვისაც უყვარდა ნამცხვარი ნუშის; ვისი კოსტუმიც გაატანეს ძველ მეძველმანეს, ხოლო ჟილეტი იატაკის ტილოდ იხმარეს... ის, ვისაც თავი გვერძე ჰქონდა გადაწეული, თითქოს მზის ტოტებს ერიდებოდა; მუსიკა იყო უბედური სულის ნაყოფი, მაგრამ მოჰქონდა ბედნიერება; შენ გახსოვს, როგორ მოძრაობდა იმისი მუხლი, როგორ მღეროდა და ერთი ბგერა მეორე ბგერის დაბადებით როგორ კვდებოდა; ისიც იქ არის, იქ არის- მეთქი, და იმ ოთახის კედლებს აწყდება მისი რიმილის ციცინთელა... ისიც იქ არის, გატაცებული მხედართმთავრების მემუარებით. როგორც პირველად ხარაჩოზე ასული კაცი. და ის, ვინც ქალის სიახლოვით ისე თვრებოდა, ვით სათაგურის ნიგვზით-თაგვი. ისიც იქ არის, ვინც ქალღმერთივით იყო ზვიადი, იყო ამაყი, თითქოს მიჰქროდა სამეფო ეტლით; ვისაც თმა ჰქონდა გაყოფილი მუდამ შუაზე, თითქოს გორაკზე ადიოდა ვიწრო ბილიკი; ვისაც უყვარდა სურათები ცალყურა მხატვრის; შენ გახსოვს მისი პირქუში მზერა და მათრახივით მოქნეული მისი სიცილი; ის, ვინც სარკესთან ტრიალებდა თმაჩამოშლილი, როცა ცისფერი პერანგის ბურუსს მისი სხეული ვერ უსხლტებოდა; ვინც თავზე კაბას გადაიცვამდა და ქმარიუკან ღილებს უკრავდა; ვინც შავი ლაკის ფეხსაცმელებში ფეხებს ადგამდა და კაცს სანამდე მოთმინება დაელეოდა, მანამდე სარკეს ვერ შორდებოდა... ჭეშმარიტ გზიდან რომ გადავიდა და მოგონების წყვდიადში დაძრწის... ისინი სხედან გვერდით ოთახში და აბატ რაზეც ლაპარაკობენ ბავშვტან იმაზე საუბარი უხერხულია, ბავშვმა არ უნდა დაუგდოს ყური და ოთახიდან გამოგვისტუმრეს... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გივი გეგეჭკორი პოეზია |