აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი, მცირითა შუქით გარდუყარა ცასა ღრუბელი, დიდ სამქუხარო, საავდარო, და მეც გლახ გული მსწრაფლ განმითენა, შავ-ბედისგან დაღამებული! ნუ თუ შენ ჰფინო შვების სხივი ჩემს გულსა კვალად; კვლავ აღმიტეხო გულის ჭირნი მიყრუებულნი და განმიახლო ნეტარების დღენი წარსრულნი? და განანათლე კვლავ ცა ჩემი, ესრეთ საზარი! მეცა ხელი ვჰყო დაჟანგებულს ჩემსა სანთურსა და შევაერთო ფიქრნი ჩემნი შენს ხმას ციურსა! მინეტარებდა სიცოცხლისა დღეთა სიამით; მოვსთქვამდე, თუ ვით მიმეფარა იგი მსწრაფლ ღრუბელს, ბოლოს ვუმღერდე შუქსა შენსა შვების მომფენელს! ოდეს ვიხილო მცირე ბინდი შენს შუქს გარემო, მყის დამიღამდეს ამ სოფლისა სიამოვნება და შენთვის დავთმო ტრფობის წინდად ყოვლი დიდება! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია |