ბრძოლა
ზღვის ტაფობიდან ტყვია თქეშური, ღრუბლის სრბოლაში შხამ-ქამანდები, ომის ტრფობიდან მომფეთქე შური! ზის ამ ორ ძალად ჩაუქ ჰუნეზე, სისხლის სახელის იარს აღებით - მზის ამორძალად საუკუნეზე!
ქარაშოტული უგზოდ ყიალი, გველის გაქცევა ყრუ სახლობაში და ბოროტული ორომტრიალი. ძნელ გასაჭირზე ზანტი მთქნარება, ბოლოს რკვეული სახის სარჩული, - სიკვდილის პირზე ზღვის დაწყნარება!
ზეხელოვნების ბრილიანტობა, მშვიდ განსვენებით მძლე სიყვარული და გემოვნების ანდამატობა. მზემ განცხრომაში მოქარგა შვება მაგრამ… მზარდება აუცდენელი - დღეს გაწყრომაში სულის გაშვება!..
გამოღმა ხევით გაღმა ყოფილებს? ვინც გვამეტყველა, რას გვეზრახოდა - სულს ამ ნახევით აკმაყოფილებს?! რომ შეგვიყვარდა ყოვლის მჩრდილავი?.. ნუ თუ ერთია კიდევ ვარდებში, - მზე ხილულს გარდა - მზე უხილავი?!. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა კარმელის პოეზია |