ფირუზისფერი აბაჟურით ჩაქრა შანდალი, ცივი ბალიში თეთრ ლოცვებმა დამინოტიეს. თოვლიან იღბალს ანადგურებს ხელი ვანდალი. მაკრთობს სიკვდილი უცაბედად, როგორც გოტიეს. მაგრამ ბალდახინს მაინც მიაქვს ყველა იმედი... შიშიანობას ჩემი სული მოუხიბლია და მომდევს ღამე გაშიშვლებით, ვით არქიმედი!.. ვიქნები ფერშავ ოდრიკალში ბედსაბრალისი. დამანამია ნაზ ცხედრებმა შარა მტვრიანი და საფლავებში ჩაიტანა ჩემი ხალისი... მსურდა სიმძიმე პირამიდის აუნუსხავი. სხეულს ყინავდა გამძაფრებით ყინვა ტეხურა, ფანჯრის დარაბებს აკვნესებდა ქარი მსუსხავი... მაგრამ აისი უმირაჟოდ იყო ჯანაბა. ვწყევლი ანგელოსს, მეშინია - არ მიმიკაროს. დავიღუპები - ფრთაგაშლილი ზღვაზე იკაროს. ვებრძვი ჰაერში მოთამაშე ჭლექის ბაცილებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა კარმელის პოეზია |