კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 03:09

 

 

 

ენთე ნიადაგ საკუთარ გულში,

თან ყავარივით ხადე ვარამი,

სული ამოგხდეს სულთათანაში,

და უდაბნოში დასცე კარავი.

შიგ შეიბუდოს უდაბნოს გველმა,

შემოეხვიოს ქადაგს ზედ წელზე.

დიდხანს იტირო ბედით გვემულმა,

წუპაკი მღვდელი აგიგებს წესებს.

ეს შენი გული არყის ქვაბია

და ქვეშ უნთია შენი ლექსები,

ამაზე მეტი რა გაქვავია,

აგერ მთის იქით ყვირიან გზები.

ალბათ შენს ცხედარს მიასვენებენ

და ჭირისუფლად ყმუიან მგლები.

შენ არასოდეს გაგიხსენებენ,

სისხლით დასვრილი ვერაგი წლები.

რუხ ხალიჩაზე ილოცებს ჩრდილი,

შენ რომ დატოვე ლანდების დარი,

და შენი ლექსით პირში გაჩრილი

იცეკვებს დიდხანს ნოემბრის ქარი.

იცეკვებს, სანამ სულმოუთქმელად

ღონემიხდილი არ დაეცემა.

ვიღაცა დაწერს შენზე თქმულებას

და დაგუბდება გარეთ ლექსებად.

უკეთებ ძვლებს და ქვაბი თუხთუხებს,

შიგ შენი სისხლის ზედაშე დუღს და,

ის კაცი მოვა, მოიყრის მუხლებს,

რა ვუყოთ მერე, ის როდი ქუხდა.

ის დაიბადა მივარდნილ მხარეს,

იცხოვრა, მაგრამ არ სწამდა ბედი,

ის ღრუბელივით გადაიყარეს,

ის, პოეზიის უშრეტი ყბედი.

ის ჩუმად წერდა თავის რვეულებს,

ერთგულ მეგობრებს ატანდა მზითვად,

ისედაც ლექსით გადარეულებს

ეს აწვებოდათ სულ ზედმეტ ტვირთად.

მაგრამ რა ექნა იმ გულამომჯდარს,

მახლობლებს მაინც არ განდობოდა?

ეზოში იდგა კოჭლი ჭადარი,

კუთხეში ხატთან დუმდა ობობა.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ნიკო სამადაშვილი  • • •   ნიკო სამადაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ