თოვს, ფანტელებით დაჭორფლილა ქალაქის ღამე და ფარანთან მოსვლას ვერ ბედავს. დიდი სახლის წინ დილიდან დგანან ქალიშვილები და ჰყიდიან რაღაც უცნაურ უცხო ყვავილებს. სამნი არიან... იღიმებიან... თოვს, თოვს და ყინავს და მაღლა, კოშკში რეკს საათი დროგამოშვებით. და საათის ყოველ რეკვაზე იმ ყვავილებს ეცვლებათ ფერი... ქალიშვილები დგანან დილიდან. სამნი არიან... იღიმებიან... და ცრემლიან თვალებს მალავენ. მოდიან ვიღაც-ვიღაცეები და მეტად მშვიდნი ფასს კითხულობენ, მერე ყვავილებს დიდ ჩანთებში ტენიან ურცხვად ან იღლიაში ამოიდებენ, გზას განაგრძნობენ და ყვავილების უჩვეულობა სულ არ აოცებთ. დიდხანს ვუცქერდი... ვერ გავბედავდი მე ასეთი ყვავილის ყიდვას. ვიდექი თოვლში, რეკდა საათი... და ვერ გავიგე: ქალიშვილები ამ ყვავილებს თუ თავიანთ სიზმრებში კრეფენ, მაშინ ფულზე რაღად ჰყიდიან? |
პოეზიის გვერდი • • • • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა |